ცხინვალში შს მინისტრს ესროლეს, ის არ დაშავებულა
17 აგვისტოს საღამოს, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მინისტრი, რომელიც მანქანას თვითონ მართავდა, არ დაშავებულა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, თავდასხმა ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, მოსკოვსკის მიკრორაიონის მახლობლად, დაახლოებით 21.30 საათზე მოხდა. შს მინისტრის სამსახურებრივი მანქანა „ნივას“ მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი მიტოვებული შენობიდან გახსნეს. ტყვია მანქანას მოხვდა, თუმცა თავად მინისტრი, რომელიც მანქანაში მარტო იმყოფებოდა, არ დაშავებულა.
• “ღამურების სკანდალი” – ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შეთქმულება გამოავლინეს
• აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?
• ჩრდილოეთ ოსეთში საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობენ
თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფო თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, გამომძიებლებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მაკაროვის პისტოლეტიდან ისროდნენ. გამოძიების მიერ გახმოვანებული ერთადერთი ვერსია ისაა, რომ მკვლელობის მცდელობა ნანიევის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ინციდენტს ცხინვალში აქტიურად განიხილავენ. იმის გამო, რომ ზოგადად კრიმინოგენული სიტუაცია რესპუბლიკაში საკმაოდ მშვიდია, მინისტრზე თავდასხმამ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.
ნანიევის სახელს უკავშირდება ცხინვალის ციხეში ციხის ბუნტის სასტიკი ჩახშობა გასული წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა მისი გადაყენება მოითხოვეს.
სოციალურ ქსელებში ზოგიერთ ოსურ ჯგუფში მკვლელობის მცდელობას “დადგმულს” უწოდებენ. თუმცა, ამის ცოტა ვინმეს თუ სჯერა – ბოლოს და ბოლოს, ნანიევი მანქანას თვითონ მართავდა და ასეთ რისკზე ვერ წავიდოდა.
ზოგი ამტკიცებს, რომ ვიღაცეებს, გაურკვეველი მიზეზის გამო, მინისტრის “გაფრთხილება” და “დაშინება” სურდათ.
ინციდენტის შემდეგ ნანიევი რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. მათი საუბრის დეტალები არ უცნობია.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო