"სხვების გამოცდილებით ვიცით, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Sky News-თან
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Sky News-თან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და “ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება”.
ზურაბიშვილმა საქართველოში პრორუსულ ჯგუფებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული ქვეყნისთვის “რთული წარმოსადგენია” პრორუსული ჯგუფების ყოლა, თუმცა ასეთები არსებობენ.
“[ქვეყანაში] არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე გააკეთა აქცენტი.
“საქართველო და უკრაინა ერთ გზაზე ვდგავართ. ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით.
საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგან ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
● “ერთადერთი, რაც შეიძლება რუსეთთან შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან” – პრეზიდენტის ინტერვიუ Deutsche Welle-სთან
● “რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში” – ზურაბიშვილის გამოსვლა მიუნხენში
● “კითხვების მთავარი ადრესატი ივანიშვილია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას” – პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტს
სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. ის 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.
საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.
მანამდე, 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუშიც ისაუბრა რუსულ საფრთხეებზე.
“ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან.” – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო – რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა ჩაერიოს 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.