ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა Travel Weekly პროგნოზირებს, რომ 2019 წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ეგვიპტე იქნება.
პირველ სამეულში მოხვდნენ მეზობელი თურქეთი და ასევე იორდანია.
სპეციალისტებს ასეთი პროგნოზის საშუალებას აძლევს ტურისტთა სტაბილურად დიდი ნაკადი, რომელიც განსხვავებით რეგიონის სხვა მეზობლებისგან, ეგვიპტეში წლიდან წლამდე იზრდება.
ამ ტენდენციას ადასტურებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც (UNWTO).
თავის ყოველწლიურ ანგარიშში გლობალურ ტურიზმსა და მოგზაურობაზე, ეს ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ეგვიპტე ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა მსოფლიოში.
ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ეგვიპტემ 8,5 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 55 პროცენტით მეტია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტურისტებისთვის ეგვიპტის მომხიბვლელობა იმაშიცაა, რომ ზღვისა და პლაჟის გარდა, ამ ქვეყანაში უნიკალური ისტორიული ძეგლების ნახვა შეიძლება.
ამავე დროს, გაეროს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში ეგვიპტეში დაბრუნდნენ ამერიკელი და ევროპელი, განსაკუთრებით ფრანგი ტურისტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ მოახერხა ტურისტებისთვის იმის დამტკიცება, რომ აქ მოგზაურობა უსაფრთხოა.
ბოლო წლების ტენდენციაა ასევე ეგვიპტეში რუსი ტურისტების კლება, რაც 2016 წელს ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის შედეგია.
სად ისვენებენ ქართველები?
Travel Weekly -ის ექსპერტების პროგნოზები არ უკვირთ საქართველოში რეგისტრირებულ ტურისტული კომპანიებს.
„ინტერკო თრეველი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ტურისტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ეგვიპტის მიმართულებით ჯერ კიდევ 2007 წლიდან აწარმოებს პირდაპირ ფრენებს.
ამ კომპანიაში ადასტურებენ, რომ ეგვიპტე ბოლო დროს საქართველოშიც ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახდა.
ამას კომპანიაში რამდენიმე მიზეზით ხსნიან:
• ეგვიპტეში გამგზავრება მარტივია რეგულარული და პირდაპირი ფრენების გამო;
• მრავალფეროვანი და სხვადასხვა შესაძლებლობებზე მორგებული ფასები. ანუ, შეგიძლია კომფორტულად და იაფად დაისვენო, მაგრამ ამავე დროს შეგიძლია პრემიუმ კლასის მოგზაურობა მოიწყო.
• ზღვაზე დასვენების გარდა, ეგვიპტეში უამრავი რამეა სანახავი, რაც ასევე ბონუსად ეთვლება ამ ქვეყანას ტურისტების თვალში.
• ბოლო წლებში ეგვიპტის კურორტებზე ბევრი ევროპელი გამოჩნდა, რაც ხარისხზე აისახა:
“ქართველებს უყვართ ევროპელებზე მორგებული გარემოში დასვენება. ბოლო წლებში ეგვიპტეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად, გაიზარდა მათ მოთხოვნებზე მორგებული კომფორტული სერვისები,“ – ამბობს „ინტერკო თრეველის“ დამფუძნებელი ნინა მახვილაძე.