რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საქართველომ რეგრესი განიცადა - კონგრესმენების წერილი მაიკ პომპეოს
ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ რეგრესი განიცადა.
“მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან საუბრის შემდეგ ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით,” – წერია წერილში.


კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს:
“საქართველოს ამჟამინდელი, “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში ათწლეულების განმავლობაში შეაქვთ წვლილი, ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება იმისთვის. რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციები გაიზარდოს.
საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ნაციონალურ ინტერესს, კერძოდ: მხედველობაში გვაქვს იმ ამერიკული კომპანიების მიზანმიმათული გაძევება, რომელთა მიზანიც საქართველოს რუსული და ჩინური გავლენისგან დაცვა იყო,” – წერენ კონგრესმენები პომპეოს.
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან და დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
- მაიკ პომპეო: გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვესაუბრე
წერილში საუბარია ასევე საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც კონგრესმენების თქმით, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია (თუმცა უკვე მიღებულია).
წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.
წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და ის ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.