მაიკ პომპეო: გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვესაუბრე
“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვესაუბრე,” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.
სახელმწიფო მდივანი გზავნილში წერს, რომ აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო მდივანმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა განაგრძოს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და გამოთქვა გაფრთხილება საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების პოლიტიზების შესახებ“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საუბარში ხაზი გაუსვა ასევე „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმის „განუხრელად დაცვის“ მნიშვნელობას და “აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ნაწილია.”
- საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ყველა დეტალი ახალ საარჩევნო სისტემაზე
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან და დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
მაიკ პომპეოსგან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან რადიკალურად განსხვავებული აქცენტებია გაკეთებული იმ განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
გზავნილების უმეტესი ნაწილი აქ პანდემიასთან ბრძოლაში აშშ-ს დახმარებას და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს ეთმობა. ოქტომბრის არჩევნებზე კი ადმინისტრაციის განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილშია საუბარი.
“საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,” – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც არაფერია ნათქვამი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობაზე.
მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით პრემიერმაც გაავრცელა ტვიტერზე. გახარია წერს, რომ მან მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის და საუბრისას ხაზი გაუსვა მთავრობის ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექნის და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი და არჩევნების ჩატარების თაობაზე.