რუსეთმა, შესაძლოა, თურქეთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები შეწყვიტოს
რუსულმა ავიაკომპანიებმა გაფრთხილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მათ თურქეთში ჩარტერული რეისების დროებით შეწყვეტა მოუხდეთ. ეს გაფრთხილება გადმოცემულია სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის „როსავიაციას“ წერილში, – იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.
ამ შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზი წერლში დაზუსტებული არ არის. რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ეყრდნობა საკუთარ წყაროს, რომლის თქმითაც, ეს გაფრთხილება „პოლიტიკური ვითარების გამწვავებას“ უკავშირდება.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა დაადასტურა, რომ „ლაპარაკია შესაძლო აკრძალვაზე, იმისთვის, რომ რეალური აკრძალვის შემთხვევაში, ავიაკომპანიები მზად იყვნენ“.
სხვადასხვა მედიის ვარაუდებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. მევლუტ ჩავუშოღლუმ 8 აპრილს რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისთვის დახმარების გაწევაზე. მისი თქმით, მთავრობისა და ჯარის მიერ ზავის შესანარჩუნებლად რუსეთი საკმარის ღონეს არ ხმარობს.
2015 წლის ბოლოს რუსეთსა და თურქეთს შორის უკვე იყო შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუბოდიშა და საჰაერო მიმოსვლაც მალევე აღდგა.