გამოვლენილ ქსელში, რომელსაც EU-ში რუსეთის დაკვეთით მკვლელობები უნდა შეესრულებინა, ქართველებიც არიან
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის დაკვეთით მკვლელობები
ევროპის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი ქსელი, რომელსაც, გამოძიების მიხედვით, რუსეთი აფინანსებდა და კოორდინაციას უწევდა, უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოააშკარავეს. საქმე ეხება მძიმე დანაშაულების, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობების დაგეგმვას. დაკავებულთა 13-კაციან ჯგუფში არიან ქართველებიც.
დანაშაულებრივიჯგუფის წევრები
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის აგვისტოდან რუსეთის სპეცსამსახურები შუამავლების მეშვეობით ცდილობდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ძალადობრივი ოპერაციების ორგანიზებას.
ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დასახელებულია ლიეტუვა, სადაც სამიზნეებად შეირჩა რუსი დისიდენტი, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, და ლიეტუვის მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერით არის ცნობილი. გამოძიების მიხედვით, ჯგუფი აწარმოებდა ფარულ თვალთვალს და აგროვებდა დეტალურ ინფორმაციას სამიზნეების გადაადგილების შესახებ.
ქსელი მოიცავდა ათეულობით პირს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან, რაც მის ფართო გეოგრაფიულ მასშტაბსა და კოორდინაციის დონეზე მიუთითებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ქსელის წევრებს ხშირად ქირაობდნენ შუამავლების მეშვეობით, ხოლო მათ შორის იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე პირებიც. დაფინანსება ხორციელდებოდა ფარული არხებით, ყალბი დოკუმენტებისა და სხვა პირების სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშების გამოყენებით.
ლიეტუვის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრალი წაუყენეს 13 პირს. მათგან ცხრა უკვე დაკავებულია, ოთხის მიმართ კი გაცემულია ინტერპოლის დაპატიმრების ორდერი. ზოგიერთი ეჭვმიტანილი სხვა ქვეყნებიდან უკვე ექსტრადირებულია.
გამოძიების შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთა ქსელის საქმიანობის კიდევ უფრო ფართო სპექტრი ევროპაში, მათ შორის დივერსიული მოქმედებების დაგეგმვა, უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე ინფორმაციის შეგროვება, ასევე პროვოკაციების მომზადება, რომელიც მოიცავდა ინფრასტრუქტურის დაწვის გეგმებს.