ასლან ბჟანია რთველის ფესტივალს არ დაესწრო. ტრადიცია ირღვევა, საზოგადოება უკმაყოფილოა
რთველის ფესტივალი აფხაზეთში
გასულ შაბათ-კვირას აფხაზეთში, ლიხნაშტის ისტორიულ მდელოზე რთველის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. იყო ხილი, ღვინო და ჭაჭა, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და მშვილდოსნობა, ბევრი სტუმარი… მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია არ იყო. ის არ გამოცხადდა დღესასწაულზე, რითაც დაარღვია მრავალწლიანი დამკვიდრებული ტრადიცია.
ოფიციალური ვერსიით, ბჟანია ამ დროს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მაგრამ საზოგადოება მაინც უკმაყოფილოა. იმავე დღეს, საღამოს, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ასლან ბჟანია დაცვასთან და მეგობრებთან ერთად სეირნობდა სოჭის მახლობლად მდებარე სამთო კურორტ “კრასნაია პოლიანაში”. ანუ შეიძლება ის საერთოდ არც მოსკოვში ყოფილა.
აფხაზების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოფელ ლიხნის პოლიანა ლიხნაშტას. ისტორიულად, აქ ეროვნული შეკრებები იმართება და საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღება. ეს მრავალწლიანი ტრადიცია საბჭოთა პერიოდშიც იყო დაცული.
რთველის დღესასწაული ლიხნაშტას მდელოზე 1980-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. ამ დღესასწაულზე დასწრება ყოველთვის სავალდებულო იყო აფხაზეთის ნებისმიერი ლიდერისთვის.
აფხაზურ საზოგადოებას აინტერესებს, რამ აიძულა ბჟანია უგულებელეყო დღესასწაული და მივლინებაზე „ლეგენდა“ მოიფიქრა. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ 2023 წლის მაისში სოფლების, ლიხნისა და დურიფშის მცხოვრებთა ერთობლივმა შეხვედრამ პრეზიდენტს ამ სოფლებში შესვლა აუკრძალა.
ცოტა ხნით ადრე ამ სოფლების ორ გავლენიან მაცხოვრებელს და ყოფილ დეპუტატს ანონიმურად ადანაშაულებდნენ ამ ადგილებში წმინდად მიჩნეული ორასი წლის ცაცხვის წინააღმდეგ ვანდალიზმის ორგანიზებაში.
დეპუტატების თქმით, მათ ცილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა დასწამა. სოფლის მცხოვრებლების შეხვედრამ სავარაუდო ცილისმწამებელს საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და როცა ეს არ მოხდა, სოფლის მოსახლეობამ პრეზიდენტს „სანქციები“ დაუწესა.
თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ასლან ბჟანია დღესასწაულზე რომ მივიდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სკანდალი შექმნას და გააძევოს. აფხაზური ეტიკეტის მიხედვით, ნებისმიერი კონფლიქტი ამ ადგილის საზღვრებს გარეთ უნდა მოხდეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.”