"მისი ღვაწლის დაფასება": სახელმწიფომ რობერტ სტურუას 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა
გაზიარება
გაზიარება
რობერტ სტურუას მიწა გადაეცა
სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერს, რობერტ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ რომ მთავრობის “ეს გადაწყვეტილება გაუგებარი არავისთვის არ უნდა იყოს.”
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხსენებული მიწა გასული წლის მარტში ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდებოდა, თუმცა 2021 წლის 10 ნოემბერს რობერტ სტურუამ მიწის ნაკვეთის გადაცემა სიმბოლურ ფასად მოითხოვა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ უკვე 16 ნოემბერს მიწის მესაკუთრედ თავად რობერტ სტურუა დარეგისტრირდა.
“ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
“ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.
მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს განმარტებით, სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.
რობერტ სტურუასთვის მიწის გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია.
“სტურუასთვის მიწის ჩუქებას არავითარი კავშირი არა აქვს მისი, როგორც რეჟისორის, ნიჭთან. ამიტომ განხილვა იმისა, ის რამდენად კარგი თუ ცუდი რეჟისორია, აქ უადგილოა (მგონია, რომ ძალიან ნიჭიერი რეჟისორია).
ზოგადად კანონიერია კითხვა, თუნდაც ყველაზე კარგ რეჟისორებს სახელმწიფო მიწას უნდა ჩუქნიდეს თუ არა (ჩემი აზრით, არ უნდა ჩუქნიდეს). მაგრამ ესეც სხვა თემაა. მთავარი ისაა, რომ სტურუასთვის მიწა მისი, როგორც თეატრალის დამსახურებისთვის არ უჩუქებიათ. ის მისი პოლიტიკური პოზიციისთვის დააჯილდოვეს.
არსებითი განსხვავება არაა, მთავრობა პრემიერ-მინისტრის ცოლს ტყეს აჩუქებს (ვიცი, რომ ფორმალურად ტენდერით გაფორმდა) თუ სტურუას – მიწის ნაკვეთს. ორივე შემთხვევაში ესაა პოლიტიკური კორუფცია (სისხლის სამართლის აზრით არ ვამბობ).” – წერის ნოდია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი რეჟისორი სკანდალში ეხვევა. 2021 წლის ზაფხულში რუსთაველის თეატრის დასი “ჩეხოვის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად რუსეთში გაემგზავრა. თეატრის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში აღშფოთება მოჰყვა.
სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა დაგმეს ოკუპანტ ქვეყანაში ქართული თეატრის ჩასვლა და ზოგმა ამ ნაბიჯს მოღალატეობრივიც კი უწოდა. თუმცა თავად რობერტ სტურუა ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოეხმაურა: “საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ; რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?”
რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: “ყვარყვარე”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ მესამე”, “მეფე ლირი”, “ჰამლეტი” და სხვა.