რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებას საქართველოში ხმაური მოჰყვა
რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად”, – თქვა რუსულ არხთან ინტერვიუში რეჟისორმა.
სპექტაკლის სახელია “თამაშის დასასრული”, მისი დამდგმელი რეჟისორი კი რობერტ სტურუაა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნანა ფაჩუაშვილი, გოგა ბარბაქაძე, დავით უფლისაშვილი და ლევან ბერიკაშვილი.
თავად რუსთაველის თეატრში ამბობენ, რომ ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.
“წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო”, – ნათქვამია განცხადებაში.
რობერტ სტურუა: “საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ?“
რუსთაველის თეატრის დასის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში აღშფოთება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა დაგმეს ოკუპანტ ქვეყანაში ქართული თეატრის ჩასვლა და ზოგმა ამ ნაბიჯს მოღალატეობრივიც კი უწოდა.
თუმცა თავად რობერტ სტურუა ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოეხმაურა:
“საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ; რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?”
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ის ამ საქმეში ვერ ჩაერევა.
“იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში”, – განაცხადა მინისტრმა.
_________________________________________________________
● ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა
● პოზნერის ხმაურიანი ვიზიტი თბილისში. შეფასებები
• რუსეთ-უკრაინის საზღვარი — ხალხთა მეგობრობის ღობე
_________________________________________________________
თეატრის დასს მხარი დაუჭირა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმაც. მისი თქმით, სპორტი, კულტურა, განათლება უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან:
“ერთი რამეც ვიცოდეთ, რომ ხელოვნება შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის და ხელოვანის სიტყვას შეიძლება დიპლომატის სიტყვაზე მეტი ძალა უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, ზედმეტი ნერვიულობა და საკითხის პოლიტიზაცია საჭირო არ არის.”
პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ კი აღნიშნა, რომ ოკუპაციის შემდეგ, არც ერთ უკრაინულ დასს არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში.
“ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ არც ერთი უკრაინული დასი არც არასდროს წასულა და არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში და ამავე დროს, ვინც ასეთი რამ ჩაიდინა, მათ ძალიან მძიმე საფასური გადაიხადეს საზოგადოების მხრიდან. ამ უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც გახელაძე არის ტყვეობაში, როდესაც ბებუა არის ტყვეობაში, რა თქმა უნდა, მე არ მესახება ნორმალურად სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანების მიერ ასეთი ქმედება“, – ამბობს დეკანოიძე.
