ქართულმა კინოაკადემიამ ფილმი, რომელიც ივანიშვილის ხეებს ეხება, ჩვენებებიდან მოხსნა
კინოაკადემიამ ფილმი, რომელიც ივანიშვილის ხეებს ეხება, ჩვენებებიდან მოხსნა
ქართულმა კინოაკადემიამ დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმი “მოთვინიერება” – რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხეებით გატაცებას და მათ დენდროლოგიურ პარკში გადარგვას ეხება – ყველა მომდევნო სეანსიდან მოხსნა.
რეჟისორის თქმით კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ ფილმს “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს” უწოდა და სწორედ ამ მიზეზით გააუქმა ჩვენება.
“მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ “გაიჭყლიტონ”, – წერს სალომე ჯაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირების გარდა, “მოთვინიერება” ნომინირებული იყო სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე, სურათი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეა.
სალომე ჯაშს გადაღებული აქვს ფილმები “ლიდერი ყოველთვის მართალია”, “მათი ვერტმფრენი”, “ბახმარო” და “ცურვა.”
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში ხელოვანები ცენზურისა და პოლიტიკური ჩარევის შესახებ ჩივიან.
საქართველოში კულტურის მინისტრის წინააღმდეგ პროტესტმა პერმანენტული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ამ პოსტზე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაინიშნა.
იანვარში კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით – “დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის.”
პროტესტის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული რამდენიმე სკანდალური გადაწყვეტილება – ხელოვნების მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, ან მუზეუმიდან განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების გათავისუფლება, ასევე სკანდალი, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს უკავშირდება.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ნაწილი ხედავს პოლიტიკურ რეპრესიებს, ასევე ცენზურისა და განსხვავებული აზრის დევნის მცდელობას.
კიდევ ერთი საკამათო გადაწყვეტილება უკავშირდება თეა წულუკიანის დანიშნულ კინოცენტრის ახალ დირექტორს, კარლო სიხარულიძეს, რომელმაც ერთ-ერთი კონკურსის დამტკიცებული ჟიური თვითნებურად ჩაანაცვლა და ძველი წევრების ნაცვლად, “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები დანიშნა, მათ შორის რეჟისორი გოგა ხაინდრავა და პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.