"ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, შენობებში აქციებს კი ზღუდავს
“ქართული ოცნების” ახალი რეგულაციები
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.
რა ცვლილებები შედის ძალაში
● მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.
● წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანის წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე.
● ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება
● ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი.
● იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში – 5 წლიდან 6 წლამდე.
● მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
● სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით.
“სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი არგუმენტებით ნაკლებად შეძლოს “დიფ სთეითის“ აგენტურამ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ამაში ვგულისხმობ გარე ძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.” – თქვა მდინარაძემ.
31 იანვარს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სპეციალური განკარგულება მიიღო. ამ დოკუმენტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. N407 დადგენილებით დამტკიცებულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს შორის მოიაზრება თბილისის შემოსასვლელიც, სადაც “თბილისი მოლი” მდებარეობს. სწორედ “თბილის მოლთან” მოხდა დემონსტრანტების დაკავება და მათზე ძალადობა 2 თებერვალს.
განკარგულებას წინ უძღოდა მსჯელობის გააქტიურება პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები განიხილავდნენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვასაც მას შემდეგ, რაც 27 იანვარს მაგისტრალის გადაკეტვამ სერბეთში შედეგი გამოიღო და ქვეყნის პრემიერმინისტრი გადადგა.
იურისტები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებებით “ქართული ოცნება” ცდილობს შეზღუდოს პროტესტის ახალი ფორმები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას მსგავს შეზღუდვებს შორის აღნიშნა პიროტექნიკის და ლაზერული მანათობლების საკანონმდებლო აკრძალვა, ასევე პირბადეების აკრძალვა.