“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
თავად სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს, თუმცა მმართველი პარტიის პოზიციიდან გამომდინარე “ეს არ გამოდიოდა”.
“ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით.” – ამბობს დეპუტატი.
ხოლო მიხეილ ყაველაშვილი თვლის, რომ ამ სახით “შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს და არ დავაზიანოთ ოცნება.”
“არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა”. – თქვა ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოცნებასთან ყველაფერში თანხმდებიან გარდა ერთისა – რა დოზით მიეწოდოს ხალხს სიმართლე.