საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, “ალბათ,” ის მათ გვერდით იქნება “ნებისმიერ პოზიციაზე.”
ინტერვიუში პრეზიდენტმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქართული ოცნების პოლიტიკასა და მის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიაზე ისაუბრა.
კითხვაზე, რომელიც მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიას ეხებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა “სიამაყე ოპოზიციის გაერთიანების მცდელობით” და აღნიშნა, რომ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, ის მათ გვერდით დადგება, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის უზრუნველყოფის პროცესში.
ზურაბიშვილმა Politico-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ომის რისკი იმ შემთხვევაში უფრო გაიზრდება, თუ საქართველო იზოლაციაში და პარტნიორი ქვეყნების გარეშე დარჩება.
ისტორია გვაჩვენებს, რომ მთავარი რისკი საქართველოსთვის, ყოველთვის რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იმ შემთხვევაში უფრო გაიზრდება, თუ საქართველო იზოლაციაში, მისი პარტნიორი ქვეყნების გარეშე დარჩება, ხოლო როცა მარტო ხარ, ხარ გაყოფილი და უძლური.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერების მიერ, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის ფაქტებს.
“ასეთი თავდასხმების შემდეგ, ძალიან რთული იქნება მათთვის [ქართული ოცნებისთვის] რომ გაახლდეს ნებისმიერი ფორმის ურთიერთობა ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან”. – თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რას “ნანობს” პრეზიდენტი ყველაზე მეტად, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “ჩვენ ხელიდან გავუშვით [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი”.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა “ქართული ოცნების” კურსი, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ევროპული გზიდან ქართული ოცნების უეცარი შემობრუნების საფუძველი თავად პრეზიდენტისთვისაც გაუგებარია.
გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტის მთავარი კითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შემდეგია: “საით მიგყავთ საქართველო?”.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და უფრო გაძლიერდა”.