პოზნერის ხმაურიანი ვიზიტი თბილისში. შეფასებები
რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც თბილისში 31 მარტს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თბილისი თბილისი ხმაურიანი პროტესტის ფონზე დატოვა.
პოზნერი თბილისში მოსკოვიდან მის 50-მდე მეგობართან ერთად ჩამოვიდა. ისინი აირზენას ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ და 1 აპრილს ჟურნალისტის 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, თუმცა თბილისში მათ დიდი საპროტესტო აქცია დახვდათ.
● ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა
მოქალაქეების და აქტივისტების უკმაყოფილების მიზეზი პოზნერის პოზიციაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით – რუსი ჟურნალისტი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ვერ ხედავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში.
ასევე, უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ყველანაირი კოვიდ-წესების დარღვევით შემოვიდა.
საქართველოში საღამოს ცხრა საათის შემდეგ კომენდანტის საათი მოქმედებს, დაკეტილია ყველაფერი კაფე, რესტორანი თუ მაღაზია, ადამიანებს აკრძალული აქვთ ქუჩაში გამოსვლა. დღისითაც კი, კოვიდ-რეგულაციის თანახმად, კაფეში ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი ვერ მოთავსდება.
პოზნერი და მისი სტუმრები კი სწორედ კომენდანტის საათის დროს მივიდნენ სასტუმრო “ვინოტელის” რესტორანში, სადაც მათთვის დიდ სუფრა იყო გაშლილი.
მოქალაქეთა პროტესტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.
პოზნერს და მის თანმხლებ პირებს სასტუმროს დატოვება პოლიციის დაცვით მოუწია. დაგეგმილი 3 აპრილის ნაცვლად, ისინი თბილისიდან იმავე ღამეს, ასევე აირზენას ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ.
დემონსტრანტებმა კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომელმაც სტუმრების ნაწილი აეროპორტში მიიყვანა.
პოზნერის ვიზიტს საქართველოში მწვავე და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა:
ხელისუფლების პოზიცია:
პრემიერი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა “ყოვლად დაუშვებელი” იყო.
“პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროტესტის ამ ფორმის უკან ნაციონალურ მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დგანან:
“მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს”.
ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიზანია “დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა”:
“ამჯერადაც ეს გააკეთეს იმის ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურისტების შემოსვლა, მით უმეტეს, ამ ვითარებაში”.
საზოგადოების წარმომადგენლების და ექსპერტების შეფასებები:
პოლიტოლოგის, GIPA-ს ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, რუსი ჟურნალისტისთვის, ვლადიმირ პოზნერისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობის მიცემა საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა იყო. .
„ზოგადად არავის მიმართ არ უნდა გქონდეს მაამებლური დამოკიდებულება და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობა და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს კომფორტის შექმნა არა სხვისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი მოქალაქეებისთვის… იმ წუთას ის ადამიანი არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, იმ წუთას ის ადამიანი იყო კომენდანტის საათის, ამ რეგულაციების დამრღვევი. პოლიცია მას არ აჯარიმებდა. მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენგანი მაგ სიტუაციაში რომ ვიყოთ, იმწუთასვე, მყისიერად მოხდება კანონის აღსრულება. რატომ სჭირდება ასეთ შემთხვევაში მას ვიღაცის მითითება, რომ აღასრულოს კანონი? შესაბამისად მას უკვე ჰქონდა მიღებული სხვა ტიპის დავალება. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ “რადიო თავისუფლების” ეთერში.
ნინია კაკაბაძე, ოპოზიციური ტელეკომპანიის, “ფორმულას” ჟურნალისტი:
“სულ არ მაინტერესებს რას ამბობს პოზნერი აფხაზეთზე და საქართველოზე. მე ის მაღელვებს მისი რესტორანი რომ გონია ეს ქვეყანა, სადაც ესკორტით დახვდებიან, კაის აჭმევენ, ასმევენ, უმღერებენ კიდეც მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში ვერ გადიან და ვინც გადის 2 ათასი ლარით აჯარიმებენ. ჩვენ დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების უფლება არ გვაქვს და მათ აქვთ. და ამ უფლებას ჩვენ ვაძლევთ, მთავრობა საშვებით და მასპინძლები ხაჭაპურით თუ ტაშ-ფანდურით!“
პაატა შამუგია, პოეტი:
“ერთი კვირის წინ გალიდან გადმოვიდა ქალი სამკურნალოდ და მკურნალობის ნაცვლად ხუთდღიან კარანტინში გაგზავნეს, სადაც გარდაიცვალა. სამაგიეროდ, გაგანია კომენდანტის საათია, მთელი ქვეყანა ჩაკეტილები ვართ და ვიღაცა კრემლის პროპაგანდისტი დატრაშუნობს ბარიდან ბარში თავისი 50-კაციანი პაპსავიკების ამალით და ქართული პოლიციის კორდონით. პროპაგანდისტი პოზნერი ჩვენს ქვეყანაში დგას კანონზე მაღლა, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ ვსარგებლობთ იმავეთი”.
შალვა რამიშვილი, პროსახელისუფლებო არხის, “პოსტვის” წამყვანი:
“თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია… ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ. წარმოვიდგინე რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს. ყველაზე შავი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშვივით ავტირდე. ერთია როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ… ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ. აი როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან “პატრიოტიზმს” ხან “დემოკრატიას” ხან “თავისუფლებას იყენებენ. პოზნერს აგინებენ მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე. პოზნერს აგინებენ და ეფესბესთან მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან. პოზნერს აგინებენ და დუმაში “პაკლონზე” მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან.აი ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ. უძლური ვარ და ძალიან ძალიან მტიკვა გული.
ლაშა ბუღაძე, მწერალი:
ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, აქ ჩამოსულ ტურისტებს (და ცხადია, არა დახვეწილ თუ ღია პროპაგანდისტებს) წარმოდგენა არ აქვთ, რა ქვეყანაა დღეს საქართველო, მათ არასდროს გაუგონიათ სიტყვა “ბორდერიზაცია”, არ იციან, როგორ იტაცებენ მათი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს და პრინციპში “ეს ამბები” დიდად არც აინტერესებთ, რადგან ეს უმრავლესობისთვის “პოლიტიკაა და მათ არ ეხება” (რუს მოქალაქეს მართლაც არ ეხება პოლიტიკა – მას თავისივე ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება ისტორიულად)… ზოგს – ასეთი შემთხვევებიც ყოფილა – გულწრფელად გაკვირვებია, რატომ არ ვაჭრობენ აქ რუბლებით… ანუ საშუალო სტატისტიკური რუსის რეალური თუ გამიზნული არცოდნა ერთია… მაგრამ მე იმ ქართველების იდიოტიზმი მაოგნებს, დაწყევლილივით სიკვდილამდე სიმღერა-ცეკვისთვის მომართული მავნებელი პრიმიტივების, ვინც ამ ჟამიანობის, აპათიისა და ტოტალური კრიზისების დროს, კანონის ფეხებზემკიდიურ-აგდებულობით რომ უშლის სუფრებს მოსკოვიდან ჩამოსულ “ელიტებს”! ამ ქართველებმა ხომ მაინც იციან, რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის!… რუსოფობია, ქსენოფობია და ა. შ. მორალური დანაშაულია და მიუღებელია, მაგრამ აი, ეს ყველაფრის ფეხებზე დამკიდებელ-გამრთობი ქართველის სახეობა კი არის ნამდვილად საძულველი…”