4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
4 ოქტომბრის მოვლენები
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი გამოაცხადა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე. მან ათივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა:
● პაატა ბურჭულაძე — 7 წელი
● მურთაზ ზოდელავა — 7 წელი
● ირაკლი ნადირაძე — 7 წელი
● პაატა მანჯგალაძე — 7 წელი
● ლაშა ბერიძე — 7 წელი
● ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი
● ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი
● თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი
● ნიკა გვენცაძე — 5 წელი
● გური ჟვანია — 5 წელი
━ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
━ პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
━ გგდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
━ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
━ ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
━ გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
4 ოქტომბრის საქმე
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფონზეც ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში.
მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
არჩევნების დღეს მთავარი ინტრიგა არა უშუალოდ საარჩევნო ურნებთან განვითარებული მოვლენები, არამედ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები იყო.
ამ ინტრიგის მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, რომლებმაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება აიღეს საკუთარ თავზე, ამ დღეს საკმაოდ ხმაურიანი მოლოდინები დაუკავშირეს: “4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია”,, “მშვიდობიანი გადატრიალება”, “ქართული ოცნების” ბოლო დღე – ასე აანონსებდნენ ისინი კვირების განმავლობაში 4 ოქტომბრის აქციას.
რუსთაველზე მართლაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. შუადღის 16:00 საათიდან დაიწყო ხალხმა შეკრება და უკვე საღამოსთვის ქვეყნის ცენტრალური გამზირი და მიმდებარე ქუჩები სავსე იყო ხალხით. აქციის მონაწილეებს შორის ძირითადად თბილისის მოსახლეობა იყო, თუმცა პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც.
ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც აქცია უნდა გაჰყოლოდა. საღამოს, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, აქციის ორგანიზატორებმა, წარსულში მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ მოუწოდეს.
მონაწილეთა ნაწილი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა, ჭიშკრის მონგრევა მათ ადვილად მოახერხეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტს მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავი იცავდა. ძალიან მალე მომიტინგეები სასახლის ტერიტორიაზე აღმოჩდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა სპეცრაზმის და პოლიციის დამატებითი ძალები.
საბოლოოდ პოლიციამ აქციის ორგანიზატორები და ათონელის სასახლესთან მისული მომიტინგეები იმავე საღამოს დააკავა.
