სახალხო დამცველი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მისმა აპარატმა გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
_____________________________________
● სახელმწიფოს იქ არ უშვებენ. რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
_____________________________________
სახალხო დამცველის განმარტებით, პროკურატურა ბავშვთა პანსიონში – რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს – გაუპატიურების საქმესაც იძიებს.
“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”, – წერია ლომჯარიას განცხადებაში.
________________________________
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
____________________________________
გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლა მოითხოვეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შეადგინეს.
ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე პანსიონი ობოლი ბავშვებისთვის ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებში ეჭვებს იწვევს.
საპატრიარქოს კუთვნილმა პანსიონმა კარი ოფიციალურად მიუხურა არა მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტებს, არამედ სოციალურ მუშაკებსაც.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, მათ პანსიონში მონიტორინგის ჩატარებაზე უარი მიიღეს. მიზეზი მაღალი რანგის სასულიერო პირის – სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ბრძანება იყო, რომელიც იმავდროულად ამავე პანსიონის რექტორია.
თვით მეუფემ, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, თავისი უარი შემდეგნაირად განმარტა:
”ეს ის ხალხია, ვინც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა შეუშვან ბავშვთა სახლში, ან საერთოდ არც ერთ ოჯახში.”
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს პრორუსული მედია “ალტინფო” და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია. გუშინ კი პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ აღავლინა წირვა.
სერაფიმე ჯოჯუას 2017 წელს ერთ-ერთი ოჯახი გოგოზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა.
