ნინო ლომჯარია: შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა
ნინო ლომჯარია ფრენების აღდგენაზე
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენას ფეისბუქზე ეხმაურება და წერს:
“ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს ქართული ოცნება წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშაულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან “შეთანხმების მიღწევას”, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ.
შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ.”
დღეს, რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებმა დღეს, 8 საათზე, პარლამენტთან აქცია დააანონსეს.
● რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს
● 108 არასამთავრობო: შეწყვიტოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი და უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე
● ამერიკის ელჩი: საკითხავია, რატომ აძლევს პუტინი ამ “საჩუქარს” საქართველოს ახლა
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ის გარდა, თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა 16 მაისს გასცა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.