"მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ოტო-მ წაშალა" - გოგაშვილის წერილი ციხიდან
გოგაშვილის წერილი ციხიდან
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი და შემდეგ კამერების ჩანაწერები ოტო-მ [ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი] წაშალა. ასევე, გოგაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით სცემეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს 2017 წელს “ტელეფონზე ბიძინას გინების გამო” და ამ ცემის ამსახველი კადრები, ასევე ოტო-მ წაშალა.
სოსო გოგაშვილი დღევანდელ განცხადებაში წერს, რომ მისი დაკავებაც ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალებაა, რომელიც “ბრმად შესრულდა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ”.
“ახლა ჯერი შოთაძესა [გენერალური პროკურორი – JAMnews] და ჩინჩალაძეზეა [თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – JAMnews]. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათა შორის, უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.” – წერს ყოფილი მაღალჩინოსანი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2014 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკითა და მამხილებელი სტატიებით იყო ცნობილი.
სამშობლოში მას დევნიდნენ, ამიტომ საქართველოს შეაფარა თავი.
2017 წლის 29 მაისს, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრალური უბნიდან თავზე ტომრის ჩამოცმით მუხთარლი გაიტაცეს. მეორე დღეს, 30 მაისს, ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იქ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
მუხთარლის გატაცებიდან ხუთი წელი გავიდა, მისი საქმე კი საქართველოში გამოძიებული არ არის. საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად იძიებდა და საბოლოოდ, 2021 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ასევე, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც – საქმე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად საქმე კონკრეტული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთით მიმდინარეობს.
რაც შეეხება გელა ხვედელიძის ცემას, მას თავს საკუთარ სახლთან 2017 წლის 2 აპრილს დაესხნენ. გამოძიებას საქმეში კამერების ჩანაწერები მაშინაც არ ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განცხადება გაავრცელა, აფგან მუხთარლიმ ფეისბუქზე წერილი გამოაქვეყნა და მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მოითხოვა.
“სოსო გოგაშვილმა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოადგილემ, ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცის. ჩვენ მის პროკურატურაში დაკითხვას მოვითხოვთ”. – აცხადებს აფგან მუხთარლიმ.
მისივე თქმით, ადვოკატები გენერალურ პროკურორს ოფიციალური შუამდგომლობით ძალიან მალე მიმართავენ და გოგაშვილის გამოკითხვას ოფიციალურად მოითხოვენ.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააძლიერონ სოსო გოგაშვილის დაცვა, რადგან “მან ძალიან ბევრი იცის და შესაძლოა ციხეში მოკლან.”
სოსო გოგაშვილი დღევანდელი პოსტით შსს-ს ამჟამინდელ მინისტრს და სუს-ის ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მის მიმართ სხვა ბრალდებასაც ახმოვანებს:
“ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო, თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი, აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე, თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?“
სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქმეში მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სხდომა დახურა.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს 3 ბრალდება აქვს წარდგენილი:
- მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
- პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
დაკავებამდე გოგაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების სქემები არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს გადასცა.
უკვე 21 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის მიწოდებული მასალები გაასაჯაროვეს. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
გოგაშვილის საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაღალჩინოსანი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.