"მტრის ჯინაზე არ მოვკვდები" - სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მოსახლეობას მიმართავს და მათ ერთიანობისკენ მოუწოდებს. ექსპრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები ბევრ ადგილას გაიმართოს. მისი წერილი დღეს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გაასაჯაროვა.
სააკაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს ოპოზიციურ კოალიციას და აღნიშნავს, რომ საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ასევე, საზოგადოება ბევრად უფრო წინ წასული, ინფორმირებული და რაც მთავარია ერთიანია, ვიდრე მაშინ:
“ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა.“
● თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სააკაშვილი საუბრობს ბევრ ადგილას აქციების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, აქციები ბევრ ადგილას მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და “მათ დაატარებს წინ და უკან.” ამგვარად, ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
“საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება. რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ“, – ნათქვამია ექსპრეზიდენტის წერილში.
მისივე განმარტებით, შაბათს, 6 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ასევე, სააკაშვილმა სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ამჟამად პარლამენტში შიმშილობს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და ციხეში მყოფი რამდენიმე ყოფილი სამხედრო პირი.
“შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა – რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან”, – წერს სააკაშვილი.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
სააკაშვილმა მიმართა აშშ-ს მთავრობასაც და მოუწოდა მათ, რომ “მოსამართლეთა კლანის” წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესონ.
“ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ. ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის”.
● აშშ-ის საელჩო და კარლ ჰარცელი იუსტიციის საბჭოს დანიშვნებით იმედგაცრუებულები არიან
● ფინანსთა მინისტრის მოადგილე: იყო რისკი, რომ EU-ს დახმარება ისედაც არ ჩამოირიცხებოდა
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზეც.