ფინანსთა მინისტრის მოადგილე: იყო რისკი, რომ EU-ს დახმარება ისედაც არ ჩამოირიცხებოდა
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, იყო რისკი, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარება ისედაც არ ჩაირიცხებოდა, რადგან ეს თანხა მიბმული იყო რეფორმების შესრულებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა. კაკაურიძის განმარტებით, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ევროკავშირს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა.
2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3 მილიარდიანი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო.
ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონ ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.
“ევროკავშირის თანხა იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10 თუ 12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული, დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, მე სასამართლო სისტემის შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ აქაური ექსპერტები თვლიან, რომ რაც ხელშეკრულებაში ეწერა, შესრულდა, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული”, – ამბობს კაკაურიძე.
დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე, მინისტრის მოადგილემ დაადასტურა ისიც, რომ ევროკავშირი სესხს ბევრ სხვა სესხთან მიმართებაში პირობები კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და ეს თანხა დასაბრუნებელია.
კაკაურიძის ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამგვარი შემთხვევა მანამდეც ყოფილა, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო გრანტის ნაწილი ვერ მიგვიღია და ეს ქვეყნისთვის საზიანოა, “რადგან ვკარგავთ თანხასაც და რეფორმაც ბოლომდე ვერ მიგვყავს.”
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
● “ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე უნდა გამოიძიოთ” – ევროპარლამენტარები
● ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავს იკავებს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. როგორც ღარიბაშვილმა მაშინ განმარტა, მთავრობამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.
პრემიერის განცხადებას ევროკავშირის მყისიერი პასუხი მოჰყვა, რომლის მიხედვით, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების ყველა პირობა სრულად შეესრულებინა. ამასთან ერთად, ევროკავშირი საუბრობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
მათი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ევროკავშირის დახმარებაზე მთავრობის განცხადება მოულოდნელია და ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს, ხოლო ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების დღის წესრიგს დაემშვიდობა. “შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა”, – განაცხადა კრამონმა.