აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა კითხვაზე პასუხად, რომელიც სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა განაცხადა, რომ აშშ-ს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების არიდებას შეეცდება.
– ბოლო შეკითხვა საქართველოზე. სანქციების განხილვის მიზნით ელჩი ო’ბრაიენი ევროპელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად თბილისში ხვალ მიემგზავრება. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ ახლა და რა ინსტრუმენტები გაქვთ იმის ფონზე, რომ ეს მოლაპარაკებები ხვალ იწყება?
– მე არ მსურს ამ დისკუსიებზე დეტალურად საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთს მასზე დაწესებული სანქციების არიდებაში ეხმარება – სანქციების და სხვა ზომების, რომლებიც ჩვენი დაწესებულია. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვეძლება გავამკაცროთ სანქციები ან მკაცრი ზომები შემოვიღოთ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, რომელიც მათ თავიდან აცილებს ცდილობს. არ იქნება მიზანშეწონილი, ჩემგან ამაზე დაწვრილებით საუბარი.
ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს 26 ივნისს ეწვია, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცეპრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. საელჩოს ცნობით, ო’ბრაიენი კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება.