სენატის საგარეო კომიტეტში MEGOBARI აქტი დაამტკიცეს
MEGOBARI აქტი დაამტკიცეს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორპარტიული MEGOBARI აქტი მიიღო, რომელიც ადასტურებს ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ასევე, ითვალისწინებს სანქციებს ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI აქტი [S.868 ] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
- მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
- გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
კომენტარები

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინიმა MEGOBARI აქტის განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ მეგობარი აქტი გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.
“ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი.
მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.
ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.” – აღნიშნა შაჰინმა.

სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია.
“მე ვაფასებ სენატორ შაჰინისა და სენატორ რიშის ორპარტიულ ძალისხმევას, რომ დაიცვან დემოკრატია საქართველოში. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობას მათვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სენატორები ყველა პარტიიდან და ყველა ამ ქვეყანაში ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას საქართველოში.
რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აკვირდებიან მათ ყოველ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მედიაზე ზეწოლისთვის, რეპრესიებისთვის. ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია.” – განაცხადა სენატორმა.
2024 წლის 25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ.
კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).
აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის “საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.