მართლმადიდებელი მრევლი ბზობას აღნიშნავს - ეკლესიებში ხალხმრავლობაა
დღეს ბზობაა. სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა, რომელსაც პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვას უამრავი ადამიანი ესწრება. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლი ერთი კოვზით ეზიარება.
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ეკლესიებში ხალხმრავლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, საქართველოს საპატრიარქომ უარი თქვა რელიგიური მსახურების შეჩერებაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის განჩინებით არ შეცვლილა არც ზიარების წესი – მორწმუნეები საერთო კოვზიდან ეზიარებიან.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში შემოღებული წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებს. პატრული აჯარიმებს ყველას, ვინც არ იცავს მაღაზიაში ან აფთიაქში 2-მეტრიან სოციალურ დისტანციას, ღია სივრცეში ან მანქანაში 2-ზე მეტ ადამიანთან იმყოფება ანდა კომენდანტის საათს არღვევს.
საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის გამო პოლიცია ყოველდღიურად ასობით ადამიანს აჯარიმებს. თუმცა, დაჯარიმებულთა შორის საეკლესიო პირები და მრევლის წევრები არ არიან.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში შემოღებულ წესებს, რადგან აკრძალვები ეკლესიაზე არ ვრცელდება.
- კორონავირუსი და რეპრესიები – „კვირა კავკასიაში“ JAMnews-ისგან
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
- ირანი – ვირუსის პირველი კლასტერი საქართველოში. რა იქნება პანდემიის შემდეგ
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პამდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.