მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები და რელიგიური ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, შეიწყალოს “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია.
როგორც ერთობლივ გამართულ ბრიფინგზე აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ განმარტა, მათ მიაჩნიათ, რომ გვარამიას შეწყალება იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. როგორც რეგიონში მოქმედი მედია და საჯარო სექტორი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ დღეს თავისუფალი მედიის, კრიტიკული პირების და საჯარო სექტორის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო“, – თქვა ბაირამოვამ ბრიფინგზე.
ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.
გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
სააპელაციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო და ღრმა შეშფოთებას გამოხატა. მათი განმარტებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და “საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.”
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსიც. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.