თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს
გაზიარება
გაზიარება
არჩევნები სამხრეთ ოსეთში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უწოდა.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნა „საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“ და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
უწყების შეფასებით, ე.წ. არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ან ვერ შეცვლის რეგიონის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს, როგორც საქართველოს ნაწილის.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თბილისმა ასევე დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაეხსნა.
უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის ქმედებები სათანადოდ შეაფასოს და დაგმოს, ასევე უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.
„საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.“ – ნათქვამია განცხადებაში.
18 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.
თუმცა ამას „საარჩევნო რბოლა“ მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, ვინ ითვლებოდა უპირობო ფავორიტად: ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი, რომელიც რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2026 წლის მაისში ჩავიდა.
სამი სხვა კანდიდატი, კამბოლოვისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის მკვიდრია. თუმცა მათი უპირატესობა ამით მთავრდება. ექსპერტების უმეტესობა მათ ტექნიკურ კანდიდატებად მიიჩნევს, ანუუ ადამიანებად, რომლებიც პრეზიდენტის პოსტისთვის სერიოზულ ბრძოლას არც კი ცდილობენ.
ესენი არიან:
პარტია „ერთობის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი;
დამოუკიდებელი კანდიდატი და სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ყაზბეკ კოდოევი;
პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მურატ ვალიევი.
სამივე მათგანს მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების საკუთარი ხედვა მხოლოდ პირდაპირ ეთერში გამართულ სატელევიზიო დებატებზე წარმოადგინეს.