ვინ იყო 30 წლის ქალი, კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში
21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.
დაღუპულთა შორის იყოს ნინოწმინდის მკვიდრი 30 წლის ქალი – კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში.
JAMnews-ი შეეცადა გაერკვია, როგორ დაავადდა იგი და რატომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
_________________________________
30 წლის ქალი ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფიდან იყო. თბილისში, შავი ზღვის ჰოსპიტალში ის 18 ოქტომბერს ორივე ფილტვის ანთებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს ნინოწმინდიდან. ქალი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა.
JAMnews-ი სოფელ დილიფში მის ოჯახს დაუკავშირდა, მათ გვთხოვეს ქალის სახელი და გვარი არ დაგვესახელებინა.
გარდაცვლილი სოფელ დილიფის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.
ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის ქმარი სეზონურ სამუშაოზე რუსეთშია წასული. იგი ცოლის დაკრძალვას არ ესწრებოდა.
ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა სიცხე.
მისი ოჯახის წევრებს, ასევე სოფლის მცხოვრებლებს, დღესაც არ სჯერათ, რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა. სოფელში JAMnews-ს უთხრეს, რომ ქალს ჭარბი წონა ჰქონდა და მას “ალბათ გულმა ვერ გაუძლო”.
ზოგადად, სოფელში ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებით. აქ ვირუსის არ ეშინიათ და წესებსაც განსაკუთრებულად არ იცავენ.
თუმცა, მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ დილიფის საჯარო სკოლაში სწავლა შეწყდა.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი თბილისიდან ჩამოსვენებისთანავე პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს. ცხედარი დახურულ კუბოში იყო და მასთან გამომშვიდობება ახლობლებმა ვერ შეძლეს. დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში JAMnews-ს უთხრეს, რომ დაკრძალვის ეს პროტოკოლი თბილისიდან მიიღეს.
“გუშინ დაკრძალეს დახურულ კუბოში. ამ დროისთვის სკოლა, სადაც იგი მუშაობდა, დაიხურა. ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში არიან” – ამბობს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
სულ სოფელ დილიფში შვიდი ადამიანია იზოლირებული – ისინი, ვისაც გარდაცვლილ ქალთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.
ნინოწმინდის რაიონში კოვიდინფექციის სულ 19 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის საჯაროს სკოლის რამდენიმე პედაგოგია, რის გამოც სამი სკოლა უშუალოდ ქალაქ ნინოწმინდაში დაკეტილია.
სოფელ დილიფში სიმშვიდეა. ბევრს არ სჯერა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო. მათ შორის არის გარდაცვლილის მამაც.
“დეტალები არ ვიცი, მაგრამ კორონავირუსი თუ ჰქონდა, რატომ არ დაავადდა მისი ოჯახის არც ერთი წევრი,” – უთხრა JAMnews გარდაცვლილის მეზობელმა.
“მას ორი შვილი დარჩა. საწყალი ქალი. რამდენადაც ვიცი, მას მაღალი სიცხე ჰქონდა და სახლში მკურნალობდა, სკოლაში არ უვლია მაგ დროს. მისი ოჯახის წევრები კარგად არიან,” – ამბობს კიდევ ერთი თანასოფლელი.