აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაციის სტრატეგია მომზადებულია, ახლა მხოლოდ მთავრობისგანაა საჭირო მისი დამტკიცება ინფექციის საწინააღმდეგო აცრების დასაწყებად. მაგრამ ხელისუფლება ჯერჯერობით არ ამხელს პასუხს მთავარ კითხვაზე: რომელ ვაქცინას გამოიყენებენ ქვეყანაში?
აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ გასიმოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში უფასოდ ჩატარდება.
„პირველ რიგში, ვაქცინას მიიღებენ რისკის ჯგუფში მყოფი პირები და ამ სიის სათავეში იქნებიან სამედიცინო მუშაკები“, – აღნიშნა აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანების (TƏBİB) ხელმძღვანელმა, რამინ ბაირამლიმ.
მისი თქმით, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რისკჯგუფი, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან. „ვაქცინაციის პირველი ეტაპი, აზერბაიჯანის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტს შეეხება“, – დასძინა ბაირამლიმ. მეორე ნაწილი, რესპუბლიკის მცხოვრებთა გაცილებით დიდ ნაწილს მოიცავს.
TƏBİB-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის აზერბაიჯანს COVID-19-ის რამდენიმე ტიპის ვაქცინის შეძენას სთავაზობენ. „ჯერჯერობით არსებული 30 ვაქცინიდან მხოლოდ შვიდი ვაქცინა არის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე. ჩვენ ვაკვირდებით ხუთი ვაქცინის შესახებ მონაცემებს“, – აღნიშნა მან.
აზერბაიჯანში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან, საერთო ჯამში, 183 259 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 2 007 გარდაიცვალა, 119 005 – გამოჯანმრთელდა.