კონფლიქტი დმანისში - ერთმანეთს ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართველები დაუპირისპირდნენ
დაძაბული ვითარება და სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზებაა დმანისში, სადაც გუშინ, 16 მაისს, ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები – ეთნიკური ქართველები და ეთნიკური აზერბაიჯანელები დაუპირისპირდნენ.
კონფლიქტი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის ერთ-ერთ მაღაზიასთან შელაპარაკებით დაიწყო და ორ ჯგუფს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
მედიასა და სოციალურ ქსელში 16 მაისს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც ამ ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.
დაპირისპირება გაგრძელდა დღესაც. “პალიტრანიუსი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელჩართულ ჩხუბში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
დაძაბულო ამ დრომდე გრძელდება. მედიას გადმოსცემს კადრებს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დგანან. მათ ხელში უჭირავთ თოხი, ბარი, დიდი ჯოხები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შუაში პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან დაპირისპირება.
დმანისის მერმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის საყოფაცხოვრებო მიზეზიტ მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.
„ჩხუბს ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში ვერ გადავიტანთ. ამ თემით ვიღაც სპეკულირებს. საგამოძიებო ორგანოების დასადგენია რა გახდა ჩხუბის მიზეზი. სამწუხაროა ამბავია, რაღაც ვერ გაიყვეს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ტატუაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა”:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში” .
ასევე განცხადებაში წერია, რომ პოლიციამ უკვე მოახდინა ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.
გაძლიერებული საპოლიციო ძალების დმანისში შეყვანას შსს ასე ხსნის:
“დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ”.