რა იყო საოცარი ამ კონცერტში? პირველ რიგში, თავად ფაქტი – როკკონცერტი ბაქოს ცენტში. ჩვენთან ასეთი მოვლენები იშვიათად ხდება. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს მაყურებლის ერთსულოვანი აღფრთოვანება და ის, რომ კონცერტი მოულოდნელად დაიწყო. დამსწრეთა ნახევარზე მეტი ამ წარმოდგენაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. და, რა თქმა უნდა, უცნაური იყო ისიც, რომ პრესამ ამ მოვლენას, ფაქტობრივად, იგნორირება გაუკეთა. ახალი ამბების პორტალებმა უგულებელყვეს “მაკდონალდსის” უკან (ამაზე უფრო ცენტრალური უბანი ბაქოში არ არსებობს) შეკრებილი მოცეკვავე მხიარული ახალგაზრდები. ეს მოვლენა თითქოს გაქრა – დილით ამ ამბის შესახებ ერთი სტრიქონიც კი არ დაუწერია ვინმეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, სინამდვილეში Radio&Video-ს წევრები არ გამქრალან და იმის პირობაც კი დადეს, რომ კვირას დაბრუნდებიან. მასმედიის სიჩუმე მათ საერთოდ არ აწუხებთ. ჯგუფის გიტარისტმა, ზაქირ ჰასიმოვმა აღნიშნა, რომ მათი კოლექტივი პირდაპირ მოქმედებს – მათი მიზანია პუბლიკისა და პრესის ყურადღების მიპყრობა და ქალაქის ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანა. რეაქციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამის სურვილი პუბლიკასაც აქვს. როკის ახალგაზრდა მოყვარულებს, რომლებიც ნახევარსარდაფების გაბუღულ დარბაზებში გამართულ კონცერტებს მიეჩვივნენ, აშკარად უხაროდათ, რომ თავისუფლად მოძრაობა და სუნთქვა შეეძლოთ.
Open-air-ის საკვირაო კონცერტები კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზებულია. რთული სათქმელია, რატომ შეჩერდა მათი არჩევანი Radio&Video-ზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად სწორი აღმოჩნდა.