ხმაური სასამართლოს ეზოში: ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ხმაური იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”, მხარდამჭერებთან ერთად ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა და მათ თავდებში უდგებოდა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა გია გაჩეჩილაძის თავდებობა და “ფორმულას” ტელეწამყვანზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკი.
“უცნობის” გარდა ბრალდებულებს თავდებში თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი და მსახიობი დავით ხურცილავა უდგებოდნენ. მათი თქმით, თავდებობის სურვილი კიდევ 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
თუმცა, მოსამართლის განცხადებით, მათ ვერ დაასაბუთეს, როგორ გააკონტროლებდნენ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულების ქცევას.
“უცნობმა” და ვატო შაქარიშვილმა სხდომაზე შესვლამდე სასამართლოს ეზოში განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ ვახო სანაიაზე ძალადობის არ სჯერათ.
“ეს ადამიანები არიან პოლიტმედია ბულინგის მსხვერპლები და სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იცავს სახელმწიფო ინსტიტუტები, ამიტომ გამოვედით ჩვენ, ქართული საზოგადოება და ამ ბიჭებს აუცილებლად დავიცავთ, მინიმუმ იქამდე, სანამ არ დადგება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება”, – თქვა ვატო შაქარიშვილმა.
__________________________________
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● “არასწორ მხარეს დგახარ” – თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
● “ფორმულას” თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუზიანეს
__________________________________
თებერვალში, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სანაიას თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან მას თავს სწორედ მას შემდეგ დაესხნენ, რაც ჟურნალისტი იცნეს.შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა.
სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ სამი ადამიანი დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც 9 აპრილს მარადისობის დღე დააფუძნა, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების აქცია 22 აპრილს დააანონსა და მათი ციხეში დატოვების შემთხვევაში მაგისტრალების გადაკეტვით დაიმუქრა.