კელი დეგნანი: რაც სახდეპის ანგარიშში ხვდება შემოწმებული და გადამოწმებულია
კელი დეგნანი სახდეპის ანგარიშზე
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ “არაობიექტურ, უსამართლო დასკვნებს ეფუძნება”. დეგნანის თქმით, ინფორმაცია, რაც სახდეპის ანგარიშში ხვდება შემოწმებული და გადამოწმებულია.
ელჩის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებსა თუ კონკრეტულ პირებზე.
“ეს ანგარიშები არის კარგი საშუალება და წყარო, დავინახოთ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, ასევე რა იცვლება წლების განმავლობაში, რა უმჯობესდება.“ – განაცხადა დეგნანმა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების მიზანი საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებაა, როგორ “აშენონ დემოკრატია და დაიცვან” ადამიანების უფლებები.
„იმედი გვაქვს, ანგარიშები რომელსაც ყოველწლიურად ვამზადებთ დანახული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსი.” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
● ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველო-მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების სანქცირებას ითხოვენ – POLITICO
● “რისკია”, “რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა” – ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე და სასამართლოზე
● სახელმწიფო დეპარტამენტი: 5 ივლისის საქმეზე არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა
21 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის საინტერესო არ არის. პრემიერის მტკიცებით, “ანგარიში მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების” მიერ მიწოდებული ინფორმაციებით.
“თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები [5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე] არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილი დასკვნები და ანგარიში, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც სამწუხაროა.” – თქვა ღარიბაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში 20 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრების შესახებ სახდეპი ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე საუბრობს. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს წამების ან არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ფაქტებს და ამავე ქვეთავში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მოპყრობაზეა საუბარი.
თეთრი სახლის მტკიცებით, “მთავრობის მარცხმა, დაესაჯა 5 ივლისის ორგანიზატორები”, ძალადობის დაუსჯელობა გამოიწვია. დოკუმენტში სერიოზულ პრობლემადაა მოხსენიებული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურ გამოძიებებთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან ერთად.