რეკრუტირება ჩეჩნურად: როგორ ინარჩუნებს კადიროვი საკუთარ არმიას სამოქალაქო პირების ხარჯზე
კადიროვის არმია უკრაინაში

„ნოვაია გაზეტა ევროპის“ გამოძიება აჩვენებს, როგორ შეცვალა ომმა ჩეჩნეთში ძალაუფლების სისტემა. რამზან კადიროვმა მნიშვნელოვნად გაზარდა მის დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ფორმირებების რაოდენობა. თუმცა, იგი ცდილობს, ყველაზე ერთგული დანაყოფები ფრონტს მოარიდოს. საბრძოლო რიგებს ხშირად იძულებით გაწვეული რიგითი მოქალაქეებით ავსებენ.
ჟურნალისტებმა ომში დაღუპულთა 178 ჩეჩნური ოჯახი გამოკითხეს. ისინი ასევე ესაუბრნენ მოქმედ და ყოფილ სამხედროებს. გამოძიება აღწერს რეკრუტირების მექანიზმსა და ჩეჩნეთის რეალური დანაკარგების მასშტაბს.
კადიროვის არმია
ომის წლებში ჩეჩნეთში ხუთი ახალი პოლკი და ხუთი ბატალიონი შექმნეს. ფორმალურად ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შედიან. თუმცა საკადრო გადაწყვეტილებებს, დისლოკაციასა და ბრძოლებში მონაწილეობის ხარისხს კადიროვი განსაზღვრავს.
მისივე მონაცემებით, 2003 წლიდან ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურების რაოდენობა 4 800-დან 36 243-მდე გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16-18 ათასი იყო. შესაბამისად, ომის სამ წელიწადში ძალოვანი აპარატი თითქმის გაორმაგდა.
უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“ ამას კადიროვის პირადი არმიის გაძლიერებად მიიჩნევს. თუმცა, გამოცემის წყარო ჩეჩნეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში სხვა მიზეზზეც მიუთითებს. მისი თქმით, კადიროვი საკუთარი იმიჯის, „პუტინის მთავარი ქვეითის“, მძევალი გახდა. იგი ახალ დანაყოფებს კი ქმნის, თუმცა ერთგული ძალოვნების რეალური ბრძოლებისგან დაცვასაც ცდილობს.
თავდაპირველად ჩეჩნებს ფრონტზე მაღალი ანაზღაურებით იზიდავდნენ. შემდეგ სხვა რეგიონების მცხოვრებთა აქტიური დაქირავება დაიწყო. მოგვიანებით, სამხედრო სამსახური უმუშევარი ჩეჩნებისთვისაც გაიხსნა. როდესაც მოხალისეები აღარ აღმოჩნდა საკმარისი, იძულებაზე გადავიდნენ.
უსაფრთხო ფრონტი კურსკში დასრულდა
2023 წელს კადიროვმა რამდენიმე ჩეჩნური დანაყოფის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონებში განთავსება “იჩალიჩა”. მაშინ ეს ტერიტორიები შედარებით უსაფრთხო ზურგად ითვლებოდა. კადიროვმა ამგვარად მძიმე საბრძოლო მონაკვეთებიდან საკუთარი დანაყოფები დაიცვა.
ვითარება 2024 წლის 6 აგვისტოს შეიცვალა, როდესაც უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში შევიდა. საზღვარზე განთავსებულ პოლკ „ახმატ-ჩეჩნეთს“ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ გაუწევია. სამხედროებმა პოზიციები ფაქტობრივად უბრძოლველად დატოვეს. ნაწილი კი ალყაში და ტყვეობაში აღმოჩნდა.
ამის შემდეგ სასაზღვრო რეგიონები მძიმე ბრძოლების ზონად გადაიქცა. მათში სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“, ბატალიონი „დასავლეთი-ახმატი“ და პოლკი „ახმატ-ჩეჩნეთი“ მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მეთაურის მტკიცებით, მხოლოდ აპტი ალაუდინოვის დანაყოფმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 1 500-ზე მეტი ადამიანი დაკარგა.
ძალოვნებს იცავენ, მოქალაქეებს კი ფრონტზე აგზავნიან
კურსკის მოვლენების შემდეგ კადიროვმა ომში ეროვნული გვარდიის საკვანძო დანაყოფების მონაწილეობა შეამცირა. ძირითადი დატვირთვა თავდაცვის სამინისტროს ფორმირებებზე გადაიტანეს.
გამოცემის წყაროები ამას რეჟიმის საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობით ხსნიან. კადიროვის ძალაუფლება ერთგულ ძალოვნებს ემყარება. ხანგრძლივი ომი კი ამ რესურსს უფრო სწრაფად ხარჯავს, ვიდრე ჩეჩნეთის ხელისუფლება მის აღდგენას ახერხებს.
ამის მაგალითია ეროვნული გვარდიის ბაისანგურ ბენოელის სახელობის ბატალიონი. მას კადიროვის 18 წლის ვაჟი და სავარაუდო მემკვიდრე, ადამ კადიროვი კურირებს. ბატალიონმა თანამედროვე შეიარაღება, საკუთარი პოლიგონი და კარგი მატერიალური ბაზა მიიღო. მისმა წევრებმა ომში მონაწილეობისთვის განკუთვნილი კონტრაქტები გააფორმეს. მიუხედავად ამისა, დანაყოფი თითქმის მუდმივად ჩეჩნეთში რჩება და წვრთნებს გადის.
შეიხ მანსურის სახელობის სხვა ბატალიონი კი ფრონტზე ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გაგზავნეს. მას შემდეგ ის ბრძოლებში რეგულარულად მონაწილეობს. გამოძიების თანახმად, ბაისანგურის ბატალიონი ომისთვის გამოყოფილი ფედერალური სახსრებით ფინანსდება, თუმცა კადიროვის ოჯახის პირად ძალოვან რეზერვად რჩება.
იძულებითი მობილიზაცია
2024 წლის შემოდგომიდან ჩეჩნეთის ხელისუფლებამ იძულებითი რეკრუტირების მასშტაბური კამპანია დაიწყო. კადიროვმა საჯაროდ მოითხოვა, ფრონტზე გაეგზავნათ ე.წ. „პრობლემური ახალგაზრდები“. ამის შემდეგ პოლიციის რაიონულ განყოფილებებს თვეში 25-დან 50-მდე ადამიანის გაწვევის გეგმა დაუწესეს.
დაკავებულები სერნოვოდსკისა და ხანკალის სამხედრო ბაზაზე მოწყობილ ცენტრებში გადაჰყავთ. მათი და ნათესავების მონათხრობის მიხედვით, ადამიანებს დაცვით აკონტროლებენ, ცუდად კვებავენ და თითქმის არ ამზადებენ. ზოგიერთს ფორმა და აღჭურვილობაც არ ჰყოფნის. იარაღს ისინი მხოლოდ ფრონტზე ჩასვლის შემდეგ იღებენ.
გაგზავნის მიზეზი შეიძლება გახდეს ჩხუბი, საგზაო წესების დარღვევა, დაზღვევის არქონა, ავტომობილის დაბურული მინები ან კომუნალური დავალიანება. ადამიანებს აკავებენ ოპოზიციური არხების გამოწერისა და ტელეფონში პოლიტიკური მასალების აღმოჩენის გამოც. ზოგჯერ ოჯახს დაკავებულის გამოსასყიდად ფულს ან მის ნაცვლად სხვა „მოხალისეების“ მიყვანას სთხოვენ.
ჟურნალისტების დათვლით, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე ჩეჩნეთში 67 ასეთი რეიდი ჩატარდა.
დამალული დანაკარგები
ჩეჩნეთის ხელისუფლება დაღუპულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას კრძალავს. ოჯახებს ხშირად ავალებენ, ნათესავები ღამით დაკრძალონ და ტრადიციული მრავალდღიანი სამგლოვიარო რიტუალი არ ჩაატარონ. ამიტომ ღია სიებში რეალური დანაკარგების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება.
ოფიციალურად ჩეჩნეთის დაახლოებით 500 დაღუპული მცხოვრებია დადასტურებული. თუმცა რესპუბლიკის მთავრობაში გამოძიების წყარო 2 300-ზე მეტ დადგენილ დაღუპულზე საუბრობს. კიდევ დაახლოებით ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ჟურნალისტების მიერ დადგენილი 183 დაღუპულიდან 113 ომში 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ გაგზავნეს. მათგან 97-მა კონტრაქტი იძულებით გააფორმა. ფრონტზე გაგზავნიდან დაღუპვამდე საშუალოდ დაახლოებით ორი თვე გადიოდა. 178 ოჯახიდან მხოლოდ 84-მა შეძლო ნათესავის ცხედრის მიღება და დაკრძალვა.
გამოძიება სისტემურ ცვლილებას აჩვენებს. ომის დასაწყისში კადიროვი ფრონტზე ძალოვნებს აგზავნიდა, იძულებით გაწვეულებს კი მოხალისეებად წარმოაჩენდა. ახლა ერთგულ დანაყოფებს ჩეჩნეთში ინარჩუნებენ, მოქალაქეებს კი ღიად იყენებენ ომის დანაკარგების შესავსებად. ავტორები ამას სახიფათო ნიშნად მიიჩნევენ: ჩეჩნეთში პირველად გამოცდილი რეპრესიული პრაქტიკა მოგვიანებით ხშირად მთელ რუსეთში ვრცელდება.
exchange