უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
ეს იყო მისი გზავნილი, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის წევრებს გადასცა.
“გზავნილი, რომელიც პარლამენტარებს გადავეცი საიდუმლო არ არის და მარტივია – რეფორმები უნდა გაგრძელდეს, გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას პრემიერს უთხრა, რომ იმედის მომცემი იყო ჩვენთვის, რომ სადავო კანონი უკან იქნა გაწვეული და მითხრეს დღესაც, რომ აღარ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ეს იყო პოლარიზების ილუსტრირება. იმედგაცრუებული ვარ, რომ არ მხრივ, გამოსწორებული არ არის სიტუაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი იყოს”, – განაცხადა მან.
უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მთავარი თემაა NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. პროგრამა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს NATO-სა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია NATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა. ფორმულას ინფორმაციით, აპატურაი ხელისუფლების ლიდერებს შეხვდება.
აპატურაი თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს – 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.
როგორც კოლომინამ “ფორმულასთან” ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.
“მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს, რომ საჭიროა გაერთიანდნენ, ერთად იმუშაონ. ისინი ერთიანდებიან, როცა ვსაუბრობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ამ სწრაფვისთვის რეფორმებია გასატარებელი, მაშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთობა აღარაა. ვფიქრობ, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა. მთავრობამაც და ოპოზიციამაც მეტი უნდა გააკეთოს, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება ყველა რეფორმისთვის.” – თქვა კოლომინამ.