აფხაზეთი: იუფშარის კანიონის საშიში სილამაზე, აკრძალვის მიუხედავად, ტურისტებს მაინც იზიდავს
იუფშარსკის კანიონი აფხაზეთში
აფხაზეთის ხელისუფლებამ აკრძალა ავტობუსების გაჩერება იუფშარის კანიონთან – ერთ-ერთ ულამაზეს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საშიშ ტურისტულ ადგილას.
ამ აკრძალვამ მძიმე დარტყმა მიაყენა მცირე მეწარმეებს (მაღაზიის მეპატრონეებს და ფოტოგრაფებს), რომელთა ბიზნესი მთლიანად კანიონზეა დამოკიდებული. პროტესტის ნიშნად ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ აკრძალვა ოფიციალურად არ მოხსნა. თუმცა, ტურისტები მაინც ახერხებენ კანიონთან გაჩერებას ახლა უკვე “არაოფიციალური” გზებით.
ყველაზე თვალწარმტაცი იუფშარის კანიონი მდებარეობს ცნობილი რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე და ტბაზე მიმავალი ტურისტების ყველა ავტობუსი აქ აუცილებლად ჩერდება.

თუმცა, კანიონში ზოგჯერ კლდეების ჩამონგრევა ხდება. მიმდინარე წლის ივნისში, დიდმა ლოდმა საექსკურსიო ჯიპი დაამსხვრია, რის შედეგადაც რუსი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
კლდეების გახშირებული ცვენის გამო, აგვისტოს დასაწყისში აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხაშბამ აღნიშნული აკრძალვა გამოსცა.
ადგილობრივი მაღაზიების და ფოტოგრაფების პროტესტის მიუხედავად, მინისტრმა აკრძალვის მოხსნაზე უარი განაცხადა.
თუმცა, კანიონთან ავტობუსები და მანქანები მაინც ჩერდებიან, რასაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ „ყველამ ჯერ კიდევ არ იცის წინა დღეს შემოღებული აკრძალვის შესახებ“.
- უაზრო რეკონსტრუქცია თუ ტურიზმის სტიმული? მოსაზრება აფხაზეთის აეროპორტის შესახებ
- ახალი „კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში – რას ნიშნავს და რა საფრთხეებს შეიცავს