ISIS-ის მუქარა საქართველოს
ვიდეორგოლში, რომელიც 23 ნოემბერს ინტერნეტით გავრცელდა, ოთხი მებრძოლი ჩანს. მათ ხელში ‘კალაშნიკოვები’ უკავიათ. ორი მათგანი ლაპარაკობს. ისინი არაბულად და ქართულად მეტყველებენ, დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კილოთი. მათ ყურანიდან ციტატები მოჰყავთ და საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ, ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ.
‘გზავნილი ქართველ ხალხს’ – ასეა დასათაურებული ვიდეო, რომელიც 12 წუთსა და 34 წამს გრძელდება და იგი full HD-ფორმატშია ატვირთული.
მებრძოლები ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნო მონებად მოიხსენიებენ, ასევე ისლამის მდევნელებს დასჯით ემუქრებიან.
‘ასევე, მინდა მივმართო საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც ებრძვიან დიდი ხნის მანძილზე ისლამს, დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ. ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარი უფრო შემაწუხებელი იქნება შემდგომში თქვენთვის. ყველა თქვენი ნამოქმედარისთვის განისჯებით, ღმერთის კანონით, ისე კი არა თქვენ რომ სჯით, ღმერთის კანონით… თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს, თუმცა მინდა შეგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც იყო საქართველოში ხალიფატი, იმ დროის ქართველები გაცილებით ვაჟკაცი ხალხი იყო, ვიდრე დღეს საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს და ებრძვის ისლამს და მუსლიმანებს, ძალიან მალე მოვალთ, ძალიან მალე, რომელიც თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება, ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!’ – ნათქვამია ვიდეორგოლში.
ვიდეო, ხალიფატის ქართულ ვებგვერდზე განთავსდა, რომელსაც JAMnews შეგნებულად არ ასახელებს.
აღნიშნული ვებგვერდი სექტემბერში გაიხსნა და მანამდე უკვე მიიქცია ქართველ სამართალდამცავთა ყურადღება. რამდენიმე კვირის წინათ, სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა ამ ვებგვერდის დაბლოკვის მოთხოვნით, თუმცა, ფაქტია, რომ ის ჯერ ისევ მოქმედებს.
იმ ოთხი პირიდან, ვინც ვიდეოში ჩანს, ორი უკვე იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი მათგანი 1993 წელს დაბადებული, აჭარის მკვიდრი, ხვიჩა გობაძეა. კომენტარი მედიასთან მისმა მამამ ილია გობაძემ უკვე გააკეთა.
ილია გობაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერად, რუსეთი კი მისი მეზობელია. ილია გობაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია. ’ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა’, – აღნიშნა ილია გობაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიასაც მიმართავს თხოვნით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ‘ხელს ნუ შეუწყობენ დღეს, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას’.