აფხაზეთში ეწინააღმდეგებიან უკრაინის ომში დაღუპული აფხაზების ძეგლის დადგმას
უკრაინაში მებრძოლი აფხაზები
ოკუპირებული აფხაზეთის არაერთმა პოლიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ და კულტურის წარმომადგენელმა სოხუმში უკრაინის ომში დაღუპული აფხაზი მოქალაქეების მემორიალის დადგმის წინააღმდეგ საჯარო განცხადება გაავრცელა. ისინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ბადრა გუნბას და სოხუმის საქალაქო ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმონ ან გადადონ გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციის ინიციატივით საქალაქო საბჭომ მიიღო.
მიმართვას ხელს აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვალერი კვარჩია, სახალხო არტისტი ბატალ ჯოპუა, ისტორიკოსი გურამ გუმბა, განათლების ყოფილი მინისტრი ადგურ კაკობა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ახიაცას“ ხელმძღვანელი ახრა ბჟანია და ვეტერანთა მოძრაობა “არუაას“ ყოფილი ხელმძღვანელი ილია გუნია.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქში ნებისმიერი მემორიალური ნაგებობის აღმართვა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ის დასრულებულ და ისტორიულად ჩამოყალიბებულ მოვლენას ეძღვნება.
“ფრონტის ხაზზე ბრძოლა კვლავ გრძელდება, ადამიანები იღუპებიან, ამ დროს კი აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლება უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს – ძეგლი დაუმთავრებელ ომს მიუძღვნას“, – ნათქვამია მიმართვაში.
მათი შეფასებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როგორ, როდის და რა პირობებში დასრულდება კონფლიქტი და როგორ განვითარდება მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები.
“არავინ იცის, როგორ, როდის და რა პირობებში მივლენ ეს ორი ახლობელი ხალხი ჯერ ურთიერთგაგებამდე და შემდეგ შერიგებამდე. თუმცა გვჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება. მხოლოდ ამის შემდეგ, წლების გასვლის შემდეგ, იქნება შესაძლებელი ამ ისტორიული მოვლენის მემორიალიზაციის საკითხის განხილვა“, – აცხადებენ ისინი.
მიმართვის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სოხუმში დღემდე არ დგას ძეგლები აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას და იმ მოხალისეების პატივსაცემად, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩავიდნენ და 1992–93 წლების ომში აფხაზურ მხარეს იბრძოდნენ.
მათი თქმით, თუ ისტორიული მეხსიერების გაძლიერების პროცესი უნდა დაიწყოს, პირველ რიგში სწორედ ამ ფიგურებისა და მოვლენების უკვდავსაყოფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად გაგვიგებენ როგორც აფხაზეთის მოქალაქეები, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ჩვენი მეგობრები და დაღუპული მოხალისეების ოჯახები“, – წერენ ისინი.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საკითხის საგარეო-პოლიტიკურ განზომილებაზეც. ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, აფხაზეთი ოფიციალურად არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე ომში.”
“ჩვენს სახელმწიფოს არასოდეს განუხორციელებია რაიმე სახის მობილიზაცია ან სხვა ორგანიზაციული ღონისძიება ამ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. შესაბამის უწყებებს არც სამხედრო მოქმედებების ზონაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა აქვთ ცნობილი და არც ის, რა პირობებში მოხვდნენ ისინი იქ“, – აცხადებენ ისინი.
მათი შეფასებით, ასეთი მემორიალის დადგმა შესაძლოა საერთაშორისო დონეზე აღქმული იყოს, როგორც აფხაზეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ოფიციალური აღიარება.
მათი აზრით, ეს უკრაინასა და მის პარტნიორებს, მათ შორის თურქეთს, დამატებით არგუმენტს მისცემს, აფხაზეთი სამხედრო კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ მიიჩნიონ, ხოლო აფხაზი მოქალაქეების ომში მონაწილეობა – ინდივიდუალური გადაწყვეტილებიდან საერთო, სახელმწიფოებრივ არჩევანად შეაფასონ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმართვას მხოლოდ ექვსი ხელმომწერი ჰყავს, მისი ავტორები აცხადებენ, რომ მათ პოზიციას აფხაზურ საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს.
“ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს არგუმენტებს იზიარებს სოხუმის ათასობით მცხოვრები და აფხაზეთის მრავალი მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის დასასრულს ხელმომწერები დე ფაქტო პრეზიდენტსა და სოხუმის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადაწყვეტილების მიღებისას “წონასწორობა და სიბრძნე“ გამოიჩინონ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო