ახალციხის მეჩეთის იმამს და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ახალციხის მეჩეთის იმამი
ახალციხეში მუსლიმი მესხის ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 18 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს, ადგილობრივი მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებს, მათი განცხადებით, ათზე მეტი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ გამოცემა “ბათუმელებმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ინციდენტი იმამ შევქეთ დვალიძის შვილისა და თურქეთიდან სტუმრად ჩასული არასრულწლოვანი ნათესავის ერთმანეთთან თურქულ ენაზე საუბარს მოჰყვა.

ოჯახის წევრების თქმით, უცნობი პირები მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და თურქულ ენაზე საუბრის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაზარალებულების განცხადებით, თავდამსხმელები მათ სახლამდე გაჰყვნენ და საცხოვრებელი სახლის ეზოში ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას განსაკუთრებული ძალადობის მსხვერპლი ახალციხის მეჩეთის იმამი შევქეთ დვალიძე გახდა, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
“ბათუმელების“ ცნობით, დვალიძეს პოლიციიდან საჩივრის გამოტანაც შესთავაზეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.
მომხდარს გამოეხმაურა “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომელმაც ხელისუფლებას საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი სათანადოდ უნდა შეფასდეს.
ორგანიზაციის განცხადებით, დაზარალებულთა ინფორმაციით, თავდასხმაში 10-12 ადამიანი მონაწილეობდა და ოჯახის წევრები სამართალდამცველებს თავდამსხმელთა იდენტიფიცირებაში დაეხმარნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მოგვიანებით სასამართლომ ორივე მათგანს გირაო შეუფარდა და ისინი გაათავისუფლა.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საქმის გარემოებები შესაძლოა მიუთითებდეს არა მხოლოდ ძალადობის ფაქტზე, არამედ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, რადგან თავდასხმის მიზეზად შესაძლოა ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობა იკვეთებოდეს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, იყო თუ არა თავდასხმა გამოწვეული დაზარალებულთა ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი კუთვნილებით და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ გარემოებებს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სწორად კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი შედეგებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაულის რეალური ხასიათი და უზრუნველყოს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.
ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდა, დაადგინონ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა, არ შემოიფარგლონ მხოლოდ ორი დაკავებულის პასუხისმგებლობის შეფასებით და გამოიკვლიონ შესაძლო ზეწოლის ფაქტები, რომელიც დაზარალებულის მხრიდან საჩივრის გამოტანას უკავშირდებოდა.
ასევე, ორგანიზაციამ მოუწოდა მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საჯაროდ დაგმონ მუსლიმი მესხების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდოდ ენობრივი და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობა.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საჭიროა ახალციხეში მუსლიმი მესხებით დასახლებულ თემებში თანასწორობის, ნდობის აღდგენისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი პოლიტიკის გაძლიერება, ასევე მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული ბარიერების გადახედვა.