"კოალიცია ცვლილებისთვის“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების აღდგენის კამპანიას იწყებენ
გაზიარება
გაზიარება
ემიგრანტებისთვის ხმის უფლება
“კოალიცია ცვლილებისთვის“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების აღდგენის მოთხოვნით ახალი კამპანია – “ემიგრანტის ხმა“ წამოიწყეს.
ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა, ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აეკრძალათ.
კამპანიის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ინიციატივის ფარგლებში პოლიტიკური ძალები საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად ემზადებიან. მათი თქმით, მიზანია ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენა.
თევზაძის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში იგეგმება ხელმოწერების შეგროვებაც, რათა, პოლიტიკური პროცესის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყოს.
მისი თქმით, მიზანია დადასტურდეს, რომ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება და ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
თევზაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13.4% მიიღო “ქართულმა ოცნებამ“, რის შემდეგაც, მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო უფლება შეზღუდა.
თევზაძის თქმით, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს და უსამართლოა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეაქვთ.
კამპანიის ორგანიზატორები ორ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენას და ისეთი საარჩევნო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს.
“ერთის მხრივ, შემოგვიერთდით ჯგუფში “ემიგრანტის ხმა” და ასევე, ჩვენ გვჭირდება ბევრი ემიგრანტის ხელმოწერა პეტიციაზე, რათა საბოლოო ჯამში, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელით, ცხადვყოფთ და დავამტკიცოთ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლება არის მნიშვნელოვანი, კონსტიტუციასთან შესაბამისი და ასევე, ქართველებს, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, უნდა ჰქონდეთ სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.” – თქვა თენგო თევზაძემ.