პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირანში ჩავიდნენ, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას წინასწარ არ გაუვრცელებია. მათ მედიებთან მეილი 17:18 საათზე გამოგზავნეს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირანში უკვე გაემგზავრნენ.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.” – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებიც ჩავიდნენ.
კვირის დასაწყისში, რაისის გარდაცვალების ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში ირანის პრეზიდენტი “ღირსეულ მხარდამჭერად” არის მოხსენიებული.
20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
1988 წელს იბრაჰიმ რაისი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლიდან, რომლებიც ე.წ. „სიკვდილის კომისიაში“ იმყოფებოდნენ. ამ კომისიებმა გადაწყვიტეს ათასობით დაპატიმრებული ოპოზიციონერის ბედი, რომლებიც სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს ირანის ციხეებში. შემდეგ იყო თეირანის პროკურორის მოადგილე, ირანის სასამართლო სისტემის უფროსის მოადგილე და ამ და სხვა პოსტებზეც უამრავ მკვლელობაზე აქვს ხელი მოწერილი.