ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-მ "სირცხვილიას" ქილერის იდეის გატესტვა სთხოვა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, წინასაარჩევნო სიმშვიდის დარღვევა “ოპოზიციას და მისი ტელევიზიებს სურთ”.
“სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა”, – ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც “რადიკალურ ოპოზიციაში” უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება:
„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.”
მისივე მტკიცებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, „ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება.“
ირაკლი კობახიძის თქმით, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთ წარმომადგენელს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა:
“ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.“
“სირცხვილიას” პასუხი: მათგან განსხვავებით, სიცოცხლის ფასი კარგად ვიცით
ორგანიზაცია “სირცხვილია” მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას ტყუილს უწოდებს და განმარტავს, რომ “კობახიძის წინა 100 განცხადების გათვალისწინებით”, მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა.
“თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა)”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათი თქმით, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა “სირცხვილია” იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს:
“ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს.”
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
13 სექტემბერს საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.
ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.