ირაკლი კობახიძე: სისტემა იწმინდება და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი
ირაკლი კობახიძის კომენტარი
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, “რაც არის კარგი ამ პროცესებში – სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა, თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად გადასული”, მისივე თქმით, ეს პროცესიც იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრემიერმინისტრი იმ საჯარო მოხელეებს გულისხმობს, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია საქართველოს მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
აქციების დარბევაზე
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა.
“ყოველ ჯერზე შსს მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში. გვქონდა შუალედური პერიოდი, ერთ-ერთი შს მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს სთხრიდა დემონსტრანტებს. თავის დროზე, ამას ის აკეთებდა პატრონის დავალებით, ახლა პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას.
დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. კომპლიმენტიც არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ვახტანგ გომელაური ამას და თითოეული პოლიციელი. კიდევ ერთხელ, ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში” – თქვა პრემიერმინისტრმა.
“ვთავაზობთ დისკუსიას, თუ მართლები არიან, არაფერი უდგას წინ რამე გადაწყვეტილებას”
“ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან.
აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას, იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება
თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის აზრს, მითუმეტეს, როცა საუბარია გულწრფელ ადამიანებზე.
დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები, მე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე, არიან გულწრფელი ადამიანებიც და სწორედ მათთვისაა ჩვენი შეთავაზება, ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ამისთვის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერანაირი წარმატება ვერ ექნება.”
“ხელოვანები წინა პლანზე ჰყავთ რევოლუციურ პროცესში”
“კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, როგორც ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან.
მინდა, შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები, მაშინ ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორც შეიძლება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული მაგალითად რევოლუციურ პროცესებში.
ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა.
იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე.
ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ.
მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი.”
“წაკითხულის გააზრება უჭირთ პედაგოგებს და საჯარო მოხელეებს, ეს პრობლემაა”
“აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, ყველასთან ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, აბსოლუტურად ყველასთან ვართ მზად დისკუსიისთვის, თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს.”