აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. განცხადებას ხელს კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე კომისიის სხვა წევრები აწერენ.
“ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას.”
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას, MEGOBARI აქტს, 11 ივლისს დაუჭირა მხარი. მისი მიღების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საქართველომ ე.წ. “უცხოური აგენტების კანონი” მიიღო, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგია და როგორც საქართველოს დასავლელი პარტნიორები აღნიშნავენ, აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ წინსვლას.
“MEGOBARI AQTI“-ს ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.