აზერბაიჯანში, ცნობილი აქტივისტი ერთკაციანი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს
ბაქოში, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი, გიას იბრაგიმოვი იმ დროს დააკავა, როდესაც საკუთარი სახლის სახურავზე ასული, ერთკაციან საპროტესტო აქციას მართავდა. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიქცევა იმ დაკავებებზე, რომელიც 8 ივნისს, იენი ისამალის რაიონში მოხდა. 11 ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ გასულ შაბათ-კვირას, „კარანტინის დამრღვევებზე ნადირობის დროს“, ამ სახლიდან პოლიციის ავტომობილებს ნაგავს ესროდნენ.
აქციის მიზეზი
კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გაუარესების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შაბათ-კვირას, ქვეყნის „ჩაკეტვა“ გადაწყვიტა. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ რაიმე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმისთვის შეიძლებოდა, არ მუშაობდა სასურსათო მაღაზიები, ტრანსპორტი და აფთიაქებიც კი.
აზერბაიჯანის მოქალაქეთა უმრავლესობამ თავიდანვე უარი თქვა ხელისუფლების ანტივირუსული ზომების შესრულებაზე. კვირის მკაცრმა ლოკდაუნმა რისხვა და პანიკა გამოიწვია. ჯარიმისა და დაკავების საფრთხის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მაინც გამოვიდა ქუჩაში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა უმრავი ვიდეო, რომელშიც ასახული იყო მოქალაქეები, რომლებიც პოლიციას გაურბოდნენ, შემდეგ კი სასტიკი დაკავების ვიდეოც.
იენი ისამალის რაიონში, მრავალბინიან სახლში, დამრღვევის დაკავებისას, პოლიციის მანქანას ნაგავი დააყარეს. ერთი დღის შემდეგ კი, იმავე სახლში, პოლიციამ რეიდი მოაწყო – პოლიციელები ბინებში იჭრებოდნენ და მცხოვრებლებს იძულებით მიათრევდნენ.
ამ „სადამსჯელო ოპერაციამ“ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოლიციას ბოდიში უნდა მოეხადა ასეთი ქცევისათვის.
საპროტესტო აქცია
გიას იბრაგიმოვის თქმით, თუკი ადამიანს საკუთარ სახლშიც არ შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, საპროტესტო აქციაც სახლში უნდა გაიმართოს. ის თავისი მრავალსართულიანი სახლის სახურავზე აძვრა, ხმის გამაძლიერებლითა და უზარმაზარი პლაკატით ხელში, რომელსაც ეწერა „საკმარისია თავის დახრა, არ გაჩუმდე და თქვი რამე“. Facebook-ზე მიმდინარე ტრანსლაციისას, აქტივისტმა აქციის არსი განმარტა: „საკმარისია ძალადობისთვის თავის დახრა, სახელმწიფო ტერორის, განუკითხაობის წინაშე“.

ფაქტობრივად მაშინვე გამოჩნდა პოლიცია. აქტივისტი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, თუკი ისინი მას მიუახლოვდებოდნენ, მაგრამ, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ, ის მაინც დააპატიმრეს და წაიყვანეს.
პროსახელისუფლებო მედიამ ეს მოვლენა გააშუქა ასეთი ტიპის ფორმულირებით – „დედაქალაქის მცხოვრები გიას იბრაგიმოვი, რომელიც საკუთარი სახლის სახურავზე აძვრა, უკანონო მოწოდებებს ახმოვანებდა“. ისინი ასევე იტყობინებიან, რომ მის წინააღმდეგ „მიმდინარეობს გამოძიება“, რათა „იურიდიული შეფასება მიეცეს მის ქმედებებს“.
ვინ არის გიას იბრაგიმოვი?
გიას იბრაგიმოვი ცნობილია იმით, რომ 2016 წელს, კიდევ ერთ აქტივისტთან, ბაირამ მამედოვთან ერთად გაასამართლეს და ნარკოტიკების შენახვისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მამის ძეგლზე, პროვოკაციული წარწერა გაჩნდა. 2019 წელს, მათ ციხე, შეწყალების საფუძველზე დატოვეს.