ღარიბაშვილი: მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთვის
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რადგან ქვეყანა ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისმა უმასპინძლა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, საქართველო მზადაა “ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა” დამკვიდრდეს რეგიონში:
“ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას.”
● კელი დეგნანი: ვაშინგტონში დაბნეულობაა, მკაფიოდ რატომ არ ემიჯნება ოცნება აშშ-სადმი ცრუ ბრალდებებს
● სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები: რა იარაღს ყიდულობენ და რა მოცულობით
● გეოპოლიტიკური პროექტი: როგორ წააგო სომხეთმა ომი და როგორ აღმოჩნდა დიდი პოლიტიკის ნაწილი
თავის გამოსვლაში პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობას. მისი თქმით, ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით.
“საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განმარტებით, ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით:
“წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.”
პრემიერმა დასძინა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, ქართული ოცნებები ხდება.
“ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინალური გამოწვევის ფონზე, გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს ავაშენებთ ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის.” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.