ღარიბაშვილი: კონგრესში შეჭრისას 4 პირი მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, პოლიციას ცეცხლი გაუხსნან
ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადის შესახებ
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადის შესახებ ამბობს, რომ “ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს” არ მიცემენ საშუალებას, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა.
“რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში. ეს არის მიუღებელი. საერთოდ, ერთი რამე მინდა შევახსენო ყველას – აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, ნორმაა ის, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს – არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ.” – ამბობს პრემიერი.
● “მეხუთე კოლონა” და “უკრაინიზაციის გეგმა” – რა თქვა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა
● „ხელისუფლებას მკაცრი ხელი სჭირდებოდა“. რატომ შეცვალეს განათლების მინისტრი
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. სხდომა სამოქალაქო აქტივისტების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
ასევე, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე თქვა, რომ მას “ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს” და “გზას აცდენილი კაცია.” მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული “ბოლშევიკურ ტროიკასთან” – ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია.
“ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც “დროას” წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილისამებრ მათ გვერდში ვიქნებით. ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო. ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!” – დაწერა დროას ლიდერმა ფეისბუქზე.