„ხელისუფლებას მკაცრი ხელი სჭირდებოდა“. რატომ შეცვალეს განათლების მინისტრი
რატომ შეცვალეს განათლების მინისტრი
თბილისის მასშტაბური ანტირუსული აქციებიდან ერთ კვირაში, საქართველოში განათლების მინისტრი შეცვალეს. საპროტესტო აქციებს საქართველოში უკვე უწოდეს Gen Z თაობის პროტესტი – რადგან მთავარი ძალა სწორედ სტუდენტები და უფროსკლასელები იყვნენ.
ისინი თამამად დაუპირისპირდნენ სისტემას.
სამართალდამცავთა მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, მომიტინგეები სამი დღის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და არ შეაჩერა ე.წ. “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტის რუსული ვერსიის განხილვა.
მმართველი გუნდის წევრებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თავიანთ გამოსვლებში აღიარეს, რომ მიტინგზე ახალგაზრდობა იყო შეკრებილი. თუმცა, მათ “ოპოზიციის მიერ მართულები”, “შეცდომაში შეყვანილები” და “სატანისტებიც” კი უწოდეს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ დიდი პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში “ტვინს ურეცხავენ”.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ მინისტრის ცვლილების მთავარი მოტივი სწორედ ამ ახალგაზრდებზე წნეხის გაძლიერებაა.
- გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
20 მარტს განათლებისა ახალი მინისტრის წარდგენისას პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელმაც კარგად იცის განათლების სფერო:
„ბატონი გიორგი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი“.
რა ვიცით გიორგი ამილახვარზე
ახალი მინისტრი, პარლამენტის უკვე ყოფილი დეპუტატი გიორგი ამილახვარია. ამილახვარი იყო ერთ-ერთი იმ 78 დეპუტატიდან, რომელმაც კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
გიორგი ამილახვარი მოსკოვშია დაბადებული. ორი შვილი ჰყავს და ისინი კერძო სკოლებში სწავლობენ. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მათ სწავლაში შარშან გადახდილი აქვს 25 000 ლარი და 5 900 დოლარი.
ამილახვარს ძვირადღირებული საათები, ტანსაცმელი და მოგზაურობა უყვარს. მაგალითად, შარშან, მოგზაურობაში დახარჯული აქვს 55 ათასი ლარი, ტანსაცმელში 40 ათასი ლარი, ძვირადღირებულ საათებში კი 14 600 ევრო. ჰყავს მანქანა Mercedes GLE 450, რომელშიც გადახდილი აქვს 76 ათასი ევრო.
მისი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოჩენა აქტიურად იყო გასულ წელს, ვაკის პარკში 13 წლის მარიტას გარდაცვალების დროს. „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“, – თქვა მაშინ მან და შემდეგ, იძულებული გახდა, საზოგადოების რეაქციის გამო ბოდიში მოეხადა.
ექსპერტები განათლების საკითხებში, ასევე პოლიტოლოგები, დარწმუნებული არიან, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანი ახალგაზრდებზე წნეხის გაძლიერებაა. ხელისუფლებას „მკაცრი ხელი“ სჭირდებოდა, ამბობენ ისინი.
პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ იმ დათმობის შემდეგ, რაც მოუხდა ხელისუფლებას, ახლა ის შეტევაზე და ოპონენტების დისკრედიტაციაზეა გადასული.
ნოდიას თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე ამ წლების განმავლობაში კულტურის სფერო იყო, უნივერსიტეტებზე კი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) წნეხი არ ყოფილა.
” ახლა, როგორც ჩანს, თვალები აუხილათ“ ამ პროტესტებმა, რომ უნივერსიტეტები მათი მტერია, – ფიქრობს ნოდია – ამ ცვლილების პოლიტიკური მოტივი არის სტუდენტების გადამწყვეტი მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. მთავარ პრობლემად ხელისუფლება ხედავს ახალგაზრდობას და საფუძველში უნივერსიტეტებსა და პროფესორებს. პროფესორების ბრალია, რომ ახალგაზრდობა ასეთ ჭკუაზეა. ეს ისმის მათ პროპაგანდაში“.
ექსპერტი განათლების საკითხებში რეზო აფხაზავა ასევე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი. ის აანალიზებს ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებს და აკეთებს დასკვნას, რომ ახალი მინისტრი განათლების სფეროს კარგად არ იცნობს:
„პანდემიის დროს, როდესაც თავზე დაგვექცა განათლების სისტემა და ბევრ ბავშვს გაკვეთილებთან წვდომა არ ჰქონდა, გიორგი ამილახვარი განათლების კომიტეტზე თავს იწონებდა, რა კარგად გავართვით თავი პრობლემას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სფერო“.
ექსპერტები ელიან, რომ ახლა განათლების სისტემაზე წნეხი გაიზრდება. ასახელებენ მოსალოდნელ ნაბიჯებსაც – ერთ-ერთი პირველი იქნება პრობლემების შექმნა კერძო უნივერსიტეტებისთვის. კონკრეტულად კი, კახა ბენდუქიძის “თავისუფალი უნივერსიტეტისა” და მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას “შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის”.
„რაციონალურია ვივარაუდოთ, რომ ახალი მინისტრი, რომელიც მკაცრი კურსის მომხრეა, შეეცდება გარკვეულ თავდასხმას უნივერსიტეტებზე. სამიზნე იქნება კონკრეტული კერძო უნივერსიტეტები, მაგალითად, შავი ზღვის და თავისუფალი უნივერსიტეტები. ეს ისმის უკვე მათ პროპაგანდაში“, – ამბობს გია ნოდია. [სწორედ ეს ორი უნივერსიტეტი დაასახელა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმ ადგილად, სადაც ხდება “ახალგაზრდების რეკრუტირება” და “ტვინის გამორეცხვა” ოპოზიციური პარტიების მხრიდან_JAMnews].
რეზო აფხაზავა ამბობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ხელისუფლებას მანამდეც დამორჩილებული ჰყავდა მთავრობას და ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. ის იხსენებს შემთხვევებს, როდესაც წინა დღეს განვითარების სტრატეგია გამოაქვეყნა რექტორმა და მეორე დღეს გადადგა, იმ მოტივით, რომ თითქოს ამ პოზიციაზე თავი ამოწურა.
რაც შეეხება სკოლებს და კერძო უნივერსიტეტებს, მისი თქმით, რადგან სისტემა ცენტრალიზებულია, სახელმწიფოს აქაც ბევრი ბერკეტი აქვს:
„სკოლების შემთხვევაში დირექტორების დანიშვნის მექანიზმი მთლიანად პოლიტიზებული და მართულია. კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებისთვის კი სახელმწიფოს აქვს დაფინანსების, ავტორიზაციის საკითხები“.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ჩხენკელის სახით იპოვა განტევების ვაცი, რომელსაც სტუდენტების პროტესტში მონაწილეობა დააბრალა, გამოსავლად კი, სისტემაში უფრო მკაცრი მენეჯერის დანიშვნა გადაწყვიტა.
თუმცა, ამბობენ ისინი, ეს მცდელობა კონტრპროდუქტიული იქნება.
„ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, მკაცრ ხელად დიმიტრი შაშკინის დანიშვნას რა მოჰყვა, ამან უკუ ეფექტი მოიტანა“, – ამბობს რეზო აფხაზავა.
აფხაზავა არ ელის, რომ სისტემაში რაიმე არსებითად შეიცვლება:
„ვინც აქამდე ჰყავდათ მორჩილებაში, კვლავ ეყოლებათ. მაგრამ სხვების დამორჩილება გაუჭირდებათ. არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ამაზე ხმას ამოიღებენ. პროფესორებმა და სტუდენტებმაც აჩვენეს, რომ მათი დამორჩილება ასე ადვილი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს გაფართხალება ეფექტიანი ვერ იქნება“.
ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ ჩხენკელის ამილახვრით შეცვლა 7-9 მარტის აქციებმა გამოიწვია, რომელზეც ათასობით სტუდენტი გამოვიდა. ოპოზიციაც ელის, რომ რეპრესიები გაძლიერდება.
პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა. “მაისის სტუდენტური მოძრაობის” ინფორმაციით, ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა. თსუ-მ ამ ფაქტზე თქვა, რომ ეს გეგმიური შემოწმება იყო.
რატომ შეცვალეს განათლების მინისტრი