Georgian Airways მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს
რუსული სამთავრობო მედია, TACC-ის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს. მათივე ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
TACC-ი ასევე წერს, რომ ნიცის გარდა, Georgian Airways ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით ასრულებს.
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways 10 წლიანი სანქციები პირველ ივლისს დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მოაწერა. პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის მფლობელს, თამაზ გაიაშვილსაც.
შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.
ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. 20 მაისიდან კი Georgian Airways თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს.