უკრაინამ Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა
სანქციები Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მოაწერა. პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის მფლობელს, თამაზ გაიაშვილსაც.
შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.
ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.
● “გარეწრებო”, “კომიკურო არარაობებო” – “ჯორჯიან ეარვეისის” სკანდალური განცხადება და საზოგადოების რეაქცია
● “თქვენ აქ არავინ გელოდებათ!” – როგორ დახვდნენ თბილისში პირველ რეისს მოსკოვიდან. ფოტორეპორტაჟი და კომენტარები
● Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს – RTVI
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. 20 მაისიდან კი Georgian Airways თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს.
თუმცა უკვე 25 მაისს გაიაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია.
მანამდე 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.