რა ხდება გელათში: რეაბილიტაციის კომიტეტი გავრცელებულ კრიტიკას პასუხობს
გელათის რეაბილიტაცია
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სოციალურ ქსელებსა და მედიაში გელათის მონასტერში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს და საზოგადოებას რიგ საკითხებზე განმარტებებს სთავაზობს.
კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც, მათი შეფასებით, გელათის გადარჩენის პროცესს აზიანებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსი, შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლია, რომელიც დააარსა დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს.
კომპლექსის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. გელათი შუა საუკუნეების საქართველოში იყო არა მხოლოდ მონასტერი, არამედ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი – აქ მოქმედებდა ცნობილი გელათის აკადემია.
ბოლო პერიოდში გელათის მდგომარეობაზე კრიტიკული ცნობები და შეფასებები გავრცელდა. საუბარი შეეხო რამდენიმე საკითხს:
- ტაძრის დროებით გადახურვას, რომელსაც კრიტიკოსები „ცელოფანს“ უწოდებენ;
- ფრესკების შესაძლო ჩამოცვენას;
- ტაძარში არსებულ ნესტსა და კონდენსაციას;
- სადრენაჟე სისტემის მდგომარეობას;
- იატაკის გათბობის იდეას;
- იტალიურ Opificio delle Pietre Dure-სთან თანამშრომლობას;
- გელათის მოზაიკის მდგომარეობას.
რას ამბობს კომიტეტი
კომიტეტი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გელათის ტაძარი „ცელოფნით“ არის გადახურული. მათი განცხადებით, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
კომიტეტის ინფორმაციით, გადახურვის პროექტი ქართველმა და გერმანელმა სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს და მისი განხორციელება რამდენიმე საპროექტო წინადადების განხილვის შემდეგ გადაწყდა. მათივე ცნობით, გადახურვისთვის გამოყენებული მასალა გერმანიაში სპეციალურად გელათისთვის დამზადებული PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილია, რომელიც, კომიტეტის მტკიცებით, საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
კომიტეტი ასევე უარყოფს ცნობებს ტაძრის ინტერიერში ფრესკების მასობრივი ცვენის შესახებ. მათი განცხადებით, ყველა კრიტიკული კერა სტაბილიზებულია და კედლის მხატვრობის კონსერვაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.
კომიტეტი ასევე უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებული წერილის ავტორის განცხადებებს. მათი თქმით, პირი, რომელიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, მონასტრის სტიქაროსანი ან მსახური სასულიერო პირების მრევლის წევრი არ არის.
განცხადებაში ცალკე არის საუბარი გელათის ისტორიულ სადრენაჟე სისტემაზე. კომიტეტის ცნობით, დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ შეწყვიტა. მათი თქმით, ეს არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება.
„სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით“, – აცხადებს კომიტეტი.
კომიტეტი ასევე გამოეხმაურა ტაძარში ტენიანობისა და კონდენსაციის პრობლემასთან დაკავშირებულ კრიტიკას. მათი განმარტებით, გელათის მიკროკლიმატის კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო, რომელსაც კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის ერთ-ერთ აღიარებულ სპეციალისტად მიიჩნევს.
კომიტეტის ცნობით, გელათის შემთხვევაში პრობლემა დაკავშირებულია ტაძრის მასიურ კედლებთან, რომლებიც ზამთარში სიცივეს დიდხანს ინარჩუნებს. გაზაფხულზე, როდესაც გარეთ ტემპერატურა იმატებს და თბილი ჰაერი ტაძარში შედის, კედლებსა და იატაკზე შესაძლოა კონდენსაცია წარმოიქმნას.
კამუფოს მიერ ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად იატაკის ეტაპობრივი შეთბობაა დასახელებული, თუმცა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ეს ჯერ მხოლოდ სამუშაო ჰიპოთეზაა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე დამატებით კვლევას საჭიროებს.
კომიტეტი ასევე განმარტავს იტალიურ ინსტიტუტთან Opificio delle Pietre Dure გაფორმებულ მემორანდუმს. მათი განცხადებით, დოკუმენტით გათვალისწინებული „Pilot restoration“ არ ნიშნავს გელათში ექსპერიმენტების ჩატარებას და საერთაშორისო პრაქტიკაში საპილოტე, ანუ საცდელ რესტავრაციას გულისხმობს.
„კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი“, – აცხადებს კომიტეტი.
განცხადების მნიშვნელოვან ნაწილში კომიტეტი კრიტიკოსებსაც პასუხობს და გელათის მოზაიკის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხება.
კომიტეტის განცხადებით, მოზაიკის მძიმე მდგომარეობა ჯერ კიდევ 1989 წელს იყო ცნობილი. ის ეყრდნობა რესტავრატორ კარლო ბაკურაძის იმდროინდელ შეფასებას, რომლის მიხედვითაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკა დაახლოებით 85%-ით იყო მოშორებული საფუძველს.
კომიტეტი ასევე აკრიტიკებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს ეჭვქვეშ აყენებენ და მათ გელათის საკითხზე წარსულში პასუხისმგებლობას ახსენებს.
„ცინიკური და ფარისევლურია, საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი კრიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდინარე პროცესის რეპუტაციის დაზიანების მცდელობისგან და პროფესიული ეთიკის ფარგლებში იმოქმედონ.
„მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა და ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს“, – აცხადებს კომიტეტი.
განცხადების დასასრულს კომიტეტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები მასშტაბითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უპრეცედენტოა და საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
რა დაემართა გელათს?
გელათის მთავარი პრობლემა არის წყალი, ნესტი და ტენიანობა, რამაც დროთა განმავლობაში დააზიანა ტაძრის კედლის მხატვრობა და მოზაიკა. პრობლემები განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო წლების სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, მათ შორის სახურავთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
საკითხი იმდენად სერიოზული გახდა, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა და მისმა საკონსულტაციო ორგანოებმა საქართველოსთვის კონკრეტული რეკომენდაციები გასცეს. სწორედ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიცვალა რეაბილიტაციის მიდგომა და შეიქმნა მოქმედი რეაბილიტაციის კომიტეტი.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღწერილია, რომ გელათის გადახურვის სამუშაოები სათანადო საექსპერტო კვლევის გარეშე განხორციელდა და გამოყენებულ მასალასთან და დაგების გამოცდილებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა წყლის ჩადინების რისკები რეალობად აქცია.